ქლამიდიოზი

ქლამიდიოზს გავრცელების თვალსაზრისით მეორე ადგილი უკავია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა შორის. ქლამიდიოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 90 მლნ ადამიანი ინფიცირდება, რომელთა მესამედი ქალია.

ქლამიდიოზის გამომწვევია მიკროორგანიზმი ქლამიდია ტრაქომატისი (ჩჰლამყდია ტრაცჰომატის). დაუცველი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში იგი ნებისმიერი სქესობრივი კონტაქტის შედეგად შეიძლება გავრცელდეს. გარდა სქესობრივი გზისა, ინფექციის გადაცემა შესაძლებელია მშობიარობისას დედისგან ნაყოფზე, რაც შემდგომ ბავშვის თვალისა და სასუნთქი გზების ინფექციური პროცესების განვითარებას იწვევს.

  • ქლამიდიოზის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან ერთი-სამი კვირის განმავლობაში მჟღავნდება, თუმცა ხშირად იგი გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. ქლამიდიოზით ინფიცირებულ ქალთა დაახლოებით 75%-მა და მამაკაცთა დაახლოებით 50%-მა არ იცის, რომ ინფიცირებულია. უკვე გამოვლენილი კლინიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია:

    • პენისიდან (სასქესო ასოდან) რძისებრი გამონადენი, განსაკუთრებით – დილაობით;
    • შარდვისას წვის შეგრძნება;
    • სასქესო ორგანოების შეშუპება და ტკივილი.

    ქალებში

    • საშოდან რძისებრი გამონადენი;
    • მუცლისა და წელის ტკივილები;
    • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
    • ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს და/ან მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში;
      • ზოგჯერ – მტკივნეული შარდვა.
  • როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქლამიდიოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ნებაზე მიშვებული პროცესი კი, გარდა იმისა, რომ ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს, უამრავ გართულებას უდებს სათავეს. კერძოდ, ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება, რაც საშვილოსნოსგარე ორსულობისა და უშვილობის მიზეზად იქცევა. უშვილობა შესაძლებელია განვითარდეს მამაკაცებშიც. არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცებს, იშვიათად – ქალებსაც, ქლამიდიოზის დროს უვითარდებათ რეიტერის სინდრომი (თვალებისა და სახსრების წვა, კანის გაღიზიანება), რომელიც შესაძლოა ართრიტის რთული ფორმით გამოვლინდეს.

  • ქლამიდიოზის დიაგნოსტირება ხდება სასქესო ასოდან ან საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხისა და შარდის სპეციალური ანალიზით. ხშირად გამოიყენება ანტისხეულების გამოკვლევაც.

    ქლამიდიოზის არსებობის დადგენას თითქმის ერთი კვირა სჭირდება. თუ დაავადება დადასტურდა, ექიმმა სათანადო მკურნალობა უნდა დანიშნოს.

  • ქლამიდიოზის მკურნალობა კომპლექსური და ინდივიდუალურია. ძირითადი სამკურნალო საშუალება ანტიბიოტიკია. გარდა ამისა, კომპლექსში რთავენ იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებსა და სიმპტომურ მკურნალობას. დაიხსომეთ: მკურნალობა ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს და ის კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დანიშნოს. თვითმკურნალობა დაუშვებელია!

დატოვეთ კომენტარი