რა არის სქესობრივი მომწიფება?

ადამიანის ორგანიზმი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება. ეს ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როცა გოგონა ან ვაჟი მოწიფულობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს.

გოგონებს სქესობრივი მომწიფება ხშირად ვაჟებზე ადრე (9-13 წლის ასაკში) ეწყებათ, ვაჟებისთვის კი ნორმალურია მისი 11-14 წლის ასაკში დაწყება.

სქესობრივი მომწიფებისთვის მთელი ორგანიზმი წინასწარ ემზადება. თავდაპირველად ტვინი და სასქესო ჯირკვლები მთელ ორგანიზმში გზავნიან შეტყობინებებს. ეს შეტყობინებები გადააქვს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ჰორმონები ეწოდება. ჰორმონები ორგანიზმს სქესობრივი სიმწიფისთვის ამზადებს. მათი ზემოქმედებით სხეულს ე.წ. მეორეული სქესობრივი მახასიათებლები უვითარდება. ისინი, პირველად სქესობრივ მახასიათებლებთან (თვით სასქესო ჯირკვლებთან) ერთად, ქალისა და მამაკაცის განმასხვავებელ თავისებურებებად განიხილება.

მამაკაცის:
  • თმის საფარი მუცელსა და მკერდზე
  • მოჭარბებული თმიანობა სხეულის სხვა ნაწილებზე

  • წვერ-ულვაში
  • საშუალოდ ქალზე დიდი ხელის მტევნები და ტერფები
  • განიერი მხრები და მკერდი
  • თავის ქალასა და ძვლების უფრო მძიმე სტრუქტურა
  • უფრო დიდი კუნთოვანი მასა და ფიზიკური ძალა
  • დაბალი ხმა
  • ცხიმის განლაგება უპირატესად მუცლისა და წელის გარშემო (ვაშლის ფორმა)
  • უფრო უხეში კანი
ქალის:
  • მომრგვალებული, ფუნქციონალური სარძევე ჯირკვლები
  • მამაკაცებთან შედარებით მცირე სიმაღლე
  • მხრებზე განიერი თეძოები
  • ნაკლები თმიანობა სახეზე
  • მეტი კანქვეშა ცხიმი
  • ცხიმის განლაგება ძირითადად თეძოებზე, ბარძაყებსა და დუნდულებზე უფრო ნაზი კანი

10-დან 20 წლამდე ასაკის ინდივიდები მოზარდებად ითვლებიან. მოზარდი უკვე აღარ არის ბავშვი, მაგრამ არც ზრდასრულია.

მოზარდობის პერიოდს ცვლილებათა მთელი წყება ახასიათებს – გარდა გარეგნობისა, იცვლება მსოფლმხედველობა, ფსიქიკა, ემოციური მხარე და ა.შ.

სქესობრივი გარდაქმნები დისკომფორტს უქმნის მოზარდს, თავს უხერხულად და ზოგჯერ მარტოსულად გრძნობს, მაგრამ, ამასთანავე, ეს შესანიშნავი პერიოდია, რათა შევისწავლოთ საკუთარი სხეული და შევიტყოთ, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი. მოზარდებს შეუძლიათ დაელაპარაკონ მშობლებს მათი გამოცდილების შესახებ, გაესაუბრონ ექიმს და კითხონ ის, რისი კითხვაც მშობლებისთვის ერიდებათ.

დატოვეთ კომენტარი