ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ბავშვთა ასაკი განისაზღვრება დაბადებიდან 10 წლის ასაკამდე, მოზარდობის ასაკი 10-დან და 19 წლამდე.
ბავშვობის ასაკში (დაბადებიდან 10 წ. ასაკი) გოგონებში საყურადღებოა და ექიმ-სპეციალისტთან მიმართვას მოითხოვს:
- სარძევე ჯირკვლების ზრდა 8 წლამდე ასაკში;
- ბოქვენზე და იღლიის ფოსოში თმიანობა 8 წლამდე ასაკში;
- მენსტრუაციის დაწყება 8 წლამდე ასაკში;
- ზრდაში ჩამორჩენა;
- ჭარბი წონა, სიმსუქნე ან წონის დეფიციტი;
- ჭარბი, ზოგჯერ სუნიანი გამონადენი საშოდან, წვა, ქავილი, სიწითლე გარეთა სასქესო ორგანოების არეში;
- ფერადი სტრიების (დაჭიმულობის ხაზების) გაჩენა სხეულზე.
ბავშობის ასაკში (დაბადებიდან 10წ. ასაკი) ვაჟებში საყურადღებოა:
- 2 წლის ასაკის შემდეგ სათესლე პარკში ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის არარსებობა;
- ბოქვენზე და იღლიის ფოსოში თმიანობის გაჩენა 10 წლამდე ასაკში;
- ნებისმიერ ასაკში მკერდის ჯირკვლების ზრდა;
- ზრდაში ჩამორჩენა;
- ჭარბი წონა, სიმსუქნე, წონის დეფიციტი;
- ფერადი სტრიების გაჩენა სხეულზე.
ყველა ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობები ნაკლებად გამორჩება მშობელს, თუ ბავშვის ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შეფასება მოხდება პედიატრთან ყოველწლიური ვიზიტებისას.
ახალშობილობის პერიოდიდან დაწყებული, ნებისმიერ ასაკში, ბავშვებში და მოზარდებში გარეთა სასქესო ორგანოების სქესთან შეუსაბამო, გაურკვეველი განვითარება ან ანომალიური განვითარება. თუ მას არ მიექცა ყურადღება სამშობიარი სახლშივე, მოითხოვს შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაციას (მაგ. ექიმი რეპროდუქტოლოგი სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიების სფეროში მუშაობის გამოცდილებით). სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის, ამ ანომალიების ქირურგიული კორექცია, მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო სამედიცინო, არამედ პაციენტის სწორი ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისითაც.
მოზარდ გოგონებში (10-19წ.) ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგთან, ენდოკრინოლოგთან ან რეპროდუქტოლოგთან მიმართვა საჭიროა იმ შემთხვევებში თუ აღინიშნება:
- სქესობრივი განვითარების ნიშნების არარსებობა (განუვითარებელი სარძევე ჯირკვლები, თმიანობის არ არსებობა ბოქვენზე და იღლიის ფოსოში) 14 წლის და მეტი ასაკისთვის;
- ზრდაში ჩამორჩენა;
- მენსტრუაციების დაწყების დაგვიანება (15 წელი და მეტი ასაკისთვის);
- მენსტრუაციების რიტმის დარღვევა, არარეგულარული მენსტრუაციები (მენსტრუაციების დაწყება ყოველ 21 დღეზე ნაკლებ ან 35 დღეზე მეტ პერიოდში), მენსტრუაციების შეწყვეტა (4 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში);
- ჭარბი, გახანგრძლივებული (7 დღეზე მეტი ხნის პერიოდი) მენსტრუაციები და სისხლდენები მენსტრუაციებს შორის;
- მტკივნეული მენსტრუაცია;
- ჭარბი, ხშირად სუნიანი გამონადენი საშოდან, წვა, სიწითლე, ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების არეში;
- ჭარბთმინობის, კანის ცხიმიანობის მომატების და კანზე გამოხატული განსაკუთრებით ჩირქოვანი გამონაყარის არსებობა;
- ჭარბი წონა, სიმსუქნე, წონის დეფიციტი;
- ფერადი სტრიების გაჩენა სხეულზე.
მოზარდ ვაჟებში (10-19წ) საყურადღებოა და ექიმ სპეციალისტთან (რეპროდუქტოლოგთან ) მიმართვას მოითხოვს შემდეგი მდგომარეობები:
- სათესლე ჯირკვლების ცალმხრივი ან ორმხრივი არარსებობა სათესლე პარკში;
- ზრდაში და სქესობრივ განვითარებაში ჩამორჩენა (ბოქვენზე და იღლიის ფოსოში თმიანობის არარსებობა, გარეთა სასქესო
- ორგანოების ზომაში ზრდის არარსებობა 15 წლის ასაკისთვის);
- მკერდის ჯირკვლების ზრდა (გინეკომასტია);
- ჭარბი წონა, სიმსუქნე ან წონის დეფიციტი;
- ფერადი სტრიების გაჩენა სხეულზე.
რატომ არის საჭირო ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობებისას ექიმთან მიმართვა?
ცნობილია, რომ ზემოჩამოთვლილი სიმპტომები ან მათი ერთობლიობა წარმოადგენს ამა თუ იმ დაავადების კლინიკურ გამოვლინებას და მიგვანიშნებს მათ არსებობაზე. დიაგნოზის დაზუსტება კი მოითხოვს შესაბამის გამოკვლევებს და შემდგომ მკურნალობას. ამასთან, რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა მით უფრო ეფექტური იგი.
მაგ. ბავშვობის ასაკში (გოგონებში 8 წლამდე ასაკში, ვაჟებში 10 წლამდე ასაკში) ნაადრევი სქესობრივი განვითარება შეიძლება განპირობებული იყოს თავის ტვინის დაზიანებით (ტრამვა, სიმსივნე ან სხვა) ან ჰორმონმაპროდუცირებელი (ჰორმონგამომყოფი) სიმსივნეებით. აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რამდენად სერიოზული პათოლოგიების გამოვლინებაა ნაადრევი სქესობრივი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ამ პათოლოგიების მიზეზი ვერ დგინდება, მისი დროული მკურნალობა საჭიროა ისეთი შეუქცევადი შედეგის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ზრდის შეფერხება.
მოზარდობის პერიოდში მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ჭარბთმინობა, აკნე და ხშირ შემთხვევაში წონაში მატება დამახასიათებელია საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომისათვის. ეს პათოლოგია მოზარდობის პერიოდში სამედიცინო პრობლემებთან ერთად ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება, შემდგომში კი უნაყოფობის მიზეზი ხდება, ისევე როგორც თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები. ასეთ შემთხვევებში ჭარბთმიანობისა და აკნეს პრობლემების მოგვარება მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურებით ვერ გვარდება თვით გამომწვევი მიზეზების კორექციის გარეშე.
სიმსუქნე და ფერადი სტრიები სხეულზე თავის ტვინის სპეციფიური მიდამოს ჰიპოთალამუსის ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, რაც შემდგომში ნივთიერებათა ცვლის და მენსტრუაციული ფუნქციის დარღვევით შეიძლება გართულდეს და უკვე შემდგომ, უნაყოფობის მიზეზი გახდეს.
განსაკუთრებით სახიფათოა და სერიოზულ და დროულ ჩარევას მოითხოვს მოზარდებში სისხლდენები საშვილოსნოდან. დროული ჩარევა ასეთ შემთხვევაში თავიდან აგვაცილებს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ანემიის განვითარების და სისხლის გადასხმის აუცილებლობას.
ითვლება, რომ მენარქედან (პირველი მენსტრუაცია) პირველი ორი წლის განმავლობაში არარეგულარული მენსტრუაციები არ არის პათოლოგია, მაგრამ თუ მენსტრუაციული ციკლის დარღვევის ფონზე აღინიშნება ჭარბთმიანობა, აკნე, სიმსუქნე, სტრიები ან სისხლდენები, ეს უკვე საყურადღებოა და ექიმთან მიმართვას მოითხოვს.
მშობლებმა უნდა გააცნობიერონ ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობებისას ექიმ-სპეციალისტთან მიმართვის აუცილებელობა, ვინაიდან საჭიროებისას დროულად დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტურია და იგი უნაყოფობის პროფილაქტიკას წარმოადგენს.