გოგონების სქესობრივი მომწიფება

რა ასაკში იწყება გოგონების სქესობრივი მომწიფება?

გოგონებში სქესობრივი მომწიფება საშუალოდ 10 წლის ასაკში იწყება, თუმცა, სქესობრივი მომწიფებისთვის დამახასიათებელმა ცვლილებებმა შესაძლოა უფრო ადრე ან გვიან, 8-დან 13 წლამდე ასაკში, იჩინოს თავი.
სქესობრივი მომწიფება გოგონებს ვაჟებზე ადრე ეწყებათ, ამიტომ, ამ ასაკში ხშირად მათზე მაღლები არიან და ქცევაც უფრო მომწიფებული აქვთ.

 

მკერდის ჩამოყალიბება

უპირველეს ყოვლისა, ცვლილებებს განიცდის მკერდი – ეს გოგონებში სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანია. მკერდის ჩამოყალიბება იწყება ერთი ან ორივე დვრილის ქვეშ პატარა მკვრივი ბურთულების გაჩენით. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი იზრდება. იმატებს დვრილების ზომა. შესაძლოა, თავდაპირველად ზრდა არათანაბარი იყოს, მაგრამ თანდათანობით ორივე ძუძუს ზომა თანაბრდება.
როდესაც ერთი დვრილის ქვეშ სიმაგრეს იგრძნობთ, ნუ შეშინდებით და ნუ მიიჩნევთ მას დაავადების გამოვლინებად – ეს მკერდის ნორმალური განვითარების ნიშანია.
პატარა გოგონები, რომლებსაც მკერდის ზრდა შედარებით ადრეულ ასაკში ეწყებათ, ზოგჯერ თავს უხერხულად გრძნობენ. მათ უნდა ჩაიცვან თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც მკერდს დაუმალავთ. შეიძლება „სავარჯიშო ლიფის“ გამოყენებაც.

აღნაგობა

იცვლება სხეულის ფორმები, იკვეთება თეძოები, ცხიმი დუნდულებისა და ბარძაყების მიდამოში ლაგდება.

 

სასქესო თმიანობა

გოგონებს კიდურებზე და ტუჩის ზემოთ მეტ-ნაკლებად გამოხატული თმიანობა აღენიშნებათ. სქესობრივი მომწიფების პერიოდის დასაწყისში ბოქვენზე, მოგვიანებით კი იღლიებშიც ჩნდება ბუსუსები, რომლებიც თანდათანობით ხშირდება და მთლიანად ფარავს ამ მიდამოებს. ზოგჯერ ბოქვენზე თმიანობის გაჩენა უსწრებს მკერდის ზრდას. ეს ინდივიდუალურია და ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა.

დატოვეთ კომენტარი