ცხოვრების წესი და კვება ორსულობის დროს

მოზარდის ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ასპექტია ის, თუ როგორ იცვლება მისი სხეული და ცხოვრების წესი ნაყოფის ზრდასთან ერთად. რადგანაც მოზარდის ორგანიზმი დაუყოვნებლივ რეაგირებს ნაყოფის განვითარებისა და მშობიარობისათვის მზადების პროცესზე, მოზარდი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს მზარდ ნაყოფზე მისი ქცევა. სხვადასხვა ქცევას შეიძლება უარყოფითი შედეგი მოჰყვეს მზარდი ნაყოფისათვის – სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების მიღება, ძილის ნაკლებობა და არაჯანსაღი კვება – ყოველივე ეს მავნებელია ნაყოფისათვის. სხვა ფიზიკური ცვლილებები, განპირობებული საშვილოსნოს გაწელვით, გამოიწვევს ისეთ მარტივ პრობლემებს, როგორიცაა ტანსაცმლის ან სპორტული აქტივობის შერჩევა.

ვარჯიში ორსულობისას ახდენს ცირკულაციის სტიმულირებას, ხელს უწყობს კარგი ფორმის შენარჩუნებას, კუნთების გამაგრებას და რელაქსაციას. ქალების უმეტესობა გარკვეულ ვარჯიშს ასრულებს სახლის საქმეების კეთებისას. ორსული ქალისათვის აუცილებელი ვარჯიშების სახეობა და მოცულობა დამოკიდებულია იმ სამუშაოზე, რომელსაც იგი ყოველდღიურად ასრულებს.

აუცილებელია დამატებითი დასვენება, ხოლო რელაქსაცია საჭიროებს პრაქტიკას. ორსულმა ქალმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ დაასვენოს კუნთები, მოეშვას და განთავისუფლდეს დაძაბულობისაგან. ბავშვის მოლოდინში მყოფმა დედამ ღამე რვა საათი უნდა იძინოს, ხოლო დღის განმავლობაში მინიმუმ ერთი საათი უნდა დაისვენოს.

ადექვატური, კარგად დაბალანსებული კვება ძალზე მნიშვნელოვანია ნორმალური ორსულობისათვის, რათა მომავალმა დედამ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და კარგად კვებოს მზარდი ნაყოფი. სრულფასოვანი საკვების მიღება და ყველა სახის პროდუქტის სწორი რაოდენობის განსაზღვრა ორსულობის დროს, წარმატებულ ლაქტაციას შეუწყობს ხელს, რაც იდეალურია ბავშვისათვის. დღეისათვის დადგენილია, რომ ძუძუთი კვება ქმნის მყარ საფუძველს ბავშვის კარგი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობისათვის.

დატოვეთ კომენტარი