რა პრობლემები იჩენს თავს სქესობრივი მომწიფების პერიოდში?

ზოგჯერ სქესობრივი მომწიფება მეტისმეტად ადრე ან გვიან იწყება. შესაძლოა, ეს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებით იყოს განპირობებული, თუმცა ამ ვარიაციებსაც აქვს საზღვრები. გოგონებში 8 წლამდე, ხოლო ვაჟებში 10 წლამდე სქესობრივი მომწიფების დაწყება ნაადრევად ითვლება. თუ გოგონებში სქესობრივი მომწიფების პროცესმა –14 (ვაჟებში –15), ხოლო მენარქემ 16 წლამდე დაიგვიანა, ეს სქესობრივი განვითარების ჩამორჩენაზე მიუთითებს.

ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, ისევე როგორც სქესობრივი განვითარების თვალსაზრისით ჩამორჩენა, პათოლოგიად ითვლება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა.

ქვემოთ მოცემულია როგორც ვაჟებისთვის, ისე გოგონებისთვის შედგენილი სქესობრივი მომწიფების ხუთსაფეხურიანი მოდელი, რომლის მიხედვითაც შეიძლება შემოწმება, ფიზიკური მომწიფების რომელ სტადიაზე იმყოფება მოზარდი ამჟამად.

 

სქესობრივი მომწიფების ხუთი საფეხური

ბიჭები
  • ნორმალური ასაკი: 10-12, საშუალოდ: 11
    იწყება მამაკაცის ძირითადი ჰორმონის ტესტესტერონის გამომუშავება, მაგრამ სქესობრივი განვითარების გარეგანი ნიშნები თითქმის არ მჟღავნდება. სათესლეები მწიფდება და ზოგიერთ ბიჭს ეწყება დაჩქარებული ზრდის პერიოდი.
  • ნორმალური ასაკი: 10-14, საშუალოდ: 12
    სათესლეები და სათესლე პარკი იწყებს ზრდას, მაგრამ სასქესო ასოს (პენისის) ზომები თითქმის არ იცვლება. შეიძლება შეინიშნებოდეს თმიანობის მცირედი მატება ბოქვენზე. ამ დროს ბიჭი იზრდება სიმაღლეში და ეცვლება სხეულის მოყვანილობა.
  • ნორმალური ასაკი: 11-16, საშუალოდ: 13-14
    პენისი იწყებს სიგრძეში ზრდას, თუმცა სიგანეში შესამჩნევად არ იმატებს. სათესლეები და სათესლე პარკი ზრდას განაგრძობს. ბოქვენის თმა მუქდება, უხეშდება და ფეხებისკენ ვრცელდება. სიმაღლეში სწრაფი ზრდა გრძელდება. სხეულისა და სახის მოყვენილობა იცვლება. ხმა იწყებს დაბოხებას. ჩნდება თმიანობა ანუსის გარშემო.
  • ნორმალური ასაკი: 11-17, საშუალოდ: 14-15
    პენისი იზრდება სიგანეშიც და სიგრძეშიც. სათესლეები და სათესლე პარკი განაგრძობს ზრდას. ბოქვენის თმა იძენს ზრდასრული ადამიანის თმის ხარისხს, თუმცა ფარავს უფრო მცირე ზედაპირს. ვაჟების უმეტესობა განიცდის პირველ ეაკულაციას. ზრდას იწყებს იღლიის თმა. იმატებს თმიანობა ნიკაპსა და ზედა ტუჩზე. ხმა კიდევ უფრო ბოხდება, ხოლო კანი უფრო ცხიმიანი ხდება.
  • ნორმალური ასაკი: 14-18, საშუალოდ: 16
    სიმაღლე და გარეგნობა უახლოვდება ზრდასრული მამაკაცისას, ვითარდება კუნთები, მხრის სარტყელი. ბოქვენის თმა და გენიტალიები ზრდას ასრულებს, წვერი და ულვაში უფრო მეტად ფარავს ზედაპირს და უკვე შეიძლება მისი გაპარსვა. დაახლოებით 18-22 წლის ასაკში ზოგი ვაჟი ჯერ კიდევ იზრდება. იმატებს სხეულის თმიანობაც, განსაკუთრებით – მკერდის არეში.
გოგონები
  • ნორმალური ასაკი: ჩვეულებრივ, 9-11
    პირველ საფეხურზე განვითარების გარეგნული ნიშნები არ შეიმჩნევა, მაგრამ საკვერცხეები იწყებს ზრდას. იწყება ჰორმონის (ესტროგენის) გამომუშავება.
  • ნორმალური ასაკი: ჩვეულებრივ, 9-14, საშუალოდ – 11-12
    ჩვეულებრივ, პირველი ნიშანი მკერდის ზრდის დაწყებაა. ამ პერიოდში გოგონამ შესაძლოა მკვეთრად მოიმატოს სიმაღლესა და წონაში. ბოქვენზე პირველი ბუსუსები თხელი და სწორია და არა ხვეული.
  • ნორმალური ასაკი: ჩვეულებრივ, 10-15, საშუალოდ – 12-13
    მკერდი განაგრძობს ჩამოყალიბებას, ბოქვენის თმა უხეშდება და მუქდება, მაგრამ ჯერ მაინც ცოტაა. სხეული განაგრძობს ზრდას. იზრდება ასევე საშო (ვაგინა). შესაძლოა, წარმოიქმნას გამჭვირვალე ან მოთეთრო გამონადენი, რაც ნორმალურია. ამ საფეხურის ბოლოს ზოგიერთ გოგონას ეწყება პირველი მენსტრუაცია (მენარქე).
  • ნორმალური ასაკი: ჩვეულებრივ, 11-16, საშუალოდ – 13-14
    ბოქვენის თმა იზრდება ფუძით ზემოთ მიმართული სამკუთხედის ფორმით და ზრდასრული ქალისას ემსგავსება, მაგრამ ჯერ საკმარისად ხშირი არ არის და მთელ ზედაპირს არ ფარავს. ამ საფეხურზე შესაძლოა დაიწყოს იღლიის თმის ზრდა. მენსტრუაცია ამ ეტაპზე შესაძლოა არარეგულარული იყოს. ზოგიერთ გოგონას შესაძლოა აღენიშნოს ოვულაცია (კვერცხუჯრედის გამომუშავება და გამოყოფა), მაგრამ რეგულარული თვიური და ოვულაცია, ჩვეულებრივ, მეხუთე საფეხურისათვის იწყება.
  • ნორმალური ასაკი: ჩვეულებრივ – 12-19, საშუალოდ – 15-16
    ეს არის განვითარების საბოლოო სტადია, როდესაც გოგონა ფიზიკურად უკვე ზრდასრულია. მკერდისა და ბოქვენის თმის ზრდა დასრულებულია. მიღწეულია საბოლოო სიმაღლეც. სხეულს ქალური აღნაგობა აქვს, თეძოები მხრებზე ფართოა. მენსტრუაციული ციკლი ჩამოყალიბებულია, ოვულაცია რეგულარულად ხდება.
გახსოვდეთ: თუ ფიქრობთ, რომ მოზარდის განვითარება ნორმას არ შეესაბამება, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.

დატოვეთ კომენტარი