გენდერი და გენდერული თანასწორობა

რა არის გენდერი და რა არის სქესი?

ჩვენი წარმოდგენა მამაკაცებისა და ქალების როლების შესახებ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს ქცევასა და სქესობრივ ჯანმრთელობაზე. საზოგადოებაში ცხოვრება გვიქმნის კულტურულ წარმოდგენებს იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ”ნამდვილი ქალი” და ”ნამდვილი კაცი”. ამ წარმოდგენათა ერთობლიობა და ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმა აყალიბებს გენდერს, როგორც სოციალურ კონსტრუქტს. გენდერი არის ფიზიკური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის განსხვავებას საზოგადოებებში (სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, ლექსიკონი – ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში). გენდერის ეს თანამედროვე მნიშნელობა თავიდან დამკვიდრდა ქალურობისა და მამაკაცურობის სოციალურ-კულტურული, ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებული, კონსტრუქტის აღსანიშნავად. გენდერისა და სქესობრივი ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულების გასაანალიზებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ტერმინები სქესი, გენდერი და სექსუალური ორიენტაცია, რომელთაც, ხშირად, ადამიანები შეცდომით აიგივებენ ერთმანეთს.

  • ფიზიკური, სქესობრივი მახასიათებლები, რაც კატეგორიებად ჰყოფს მამრობით და მდედრობით სქესს, ან ინტერსექსს. ეს კატეგორიები ერთმანეთისგან დაბადებიდან განსხვავდებიან სასქესო ორგანოების, სხეულის ფორმის, ჰორმონების, ქრომოსომების და სხვა ნიშნების მიხედვით.

  • სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე (საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, 2010). გენდერი განისაზღვრება როგორც სოციალური სქესი.

  • ადამიანის კაცად, ქალად, ორივედ ან არცერთად ყოფნის შინაგანი შეგრძნება, განურჩევლად დაბადების სქესისა. გარდა გენდერული იდენტობის ბინალური აღქმისა, გენდერი არაბინალური ტერმინია, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინარულ სისტემაში. ტერმინი მოიცავს აგენდერებს, ბიგენდერებს, გენდერქვიარებს, გენდერფლუიდებს და პანგენდერებს.

  • როგორ წარმოადგენს ადამიანი საკუთარ გენდერს. ეს შეიძლება იყოს გარეგნობა, ჩაცმულობა, სახელი, ნაცვალსახელი და სოციალური ქცევა.

  • ადამიანის ემოციური და სექსუალური მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ. ეს შეიძლება იყოს ცვალებადი და ასახოს ან არ ასახოს სექსუალური ქცევები.

ტერმინებს “გენდერი” და “სქესი” ზოგჯერ ერთსა და იმავე მნიშვნელობით იყენებენ, მაგრამ ეს არ არის სწორი. სქესი მოცემულობა. ამის საწინააღმდეგოდ, გენდერი გულისხმობს თავისებურებებისა და ქცევების ნაკრებს, რომელსაც მოელის საზოგადოება ქალისა და მამაკაცისაგან. გენდერულ როლებს ადამიანი ითვისებს ცხოვრების მანძილზე და მათზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა განათლება და ეკონომიკა. ისინი ძლიერ განსხვავებულია სხვადასხვა კულტურებში. ადამიანის სქესი არ იცვლება, მაშინ, როდესაც გენდერული როლები განისაზღვრება სოციუმის მიერ და დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიბადებით კონკრეტული სქესით, მაგრამ ვსწავლობთ გენდერს, ე. ი. იმას, თუ რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი.

შემთხვევათა უმრავლესობაში არ ვაწყდებით სქესისა და გენდერის განსაზღვრასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ადამიანთა უმრავლესობა ხასიათდება როგორც ქალი ან მამაკაცი, მათი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად. მე-20 საუკუნემდე, ადამიანის სქესი განისაზღვრებოდა მხოლოდ მისი გენიტალიების გარეგნული სახით, მაგრამ როდესაც ცნობილი გახდა ქრომოსომებისა და გენების არსებობის შესახებ, მათი გამოყენება დაიწყეს სქესის განსაზღვრისათვის. უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცს გააჩნია მამაკაცის გენიტალიები, ერთი X და ერთი Y ქრომოსომა; ხოლო ქალს აქვს ქალის გენიტალიები და ორი X ქრომოსომა. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომბინირებული ქრომოსომები, ჰორმონები და გენიტალიები, რომლებიც არ შეესაბამება “მამაკაცისა” და “ქალის” პირდაპირ განმარტებას. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყოველ მე-100 ადამიანს შეიძლება ჰქონდეს არატიპური სქესი.

გენდერი განსაზღვრავს იმას, თუ რას მოელიან, რის უფლებას აძლევენ ან რას აფასებენ ქალის ან მამაკაცის შემთხვევაში. საზოგადოებათა უმეტესობაში, მამაკაცსა და ქალს შორის არის განსხვავებები და უთანასწორობები მათთვის მინიჭებული პასუხისმგებლობის, მათი ქმედებების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და კონტროლის და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობების თვალსაზრისით. გენდერული განსხვავების მაგალითია ის, რომ ქალებისაგან ზოგადად მოელიან ძირითად პასუხისმგებლობას სახლის საქმეებზე, ხოლო მამაკაცებისგან – არა. გენდერი მოიცავს არა მარტო იმ დამახასიათებელ ნიშნებს და თვისებებს, რომლებსაც ჩვენ მამაკაცურად ან ქალურად ვთვლით, არამედ იმასაც, რის გაკეთებასაც მოელიან კაცებისა და ქალებისაგან: რა როლებისა და ამოცანების შესრულება ეკისრებათ მათ, როგორი ქცევაა მოსალოდნელი; მათგან მოელიან გარკვეულ სფეროებში მუშაობას, გარკვეულ თემებზე ფიქრს, გარკვეული ღირებულებების ქონას და ა. შ. მაგ. ქალებისგან, ძირითადად, მოელიან რომ მათთვის ღირებული იყოს ურთიერთობები, ხოლო კაცების შემთხვევაში – მათი მიღწევები. ითვლება, რომ ქალები უფრო მეტს ფიქრობენ სხვა ადამიანებზე, ვიდრე კაცები და რომ კაცებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მათი ერის (ქვეყნის) კეთილდღეობა და ა. შ.

გენდერული როლები და მოლოდინები ხშირად იდენტიფიცირებულია როგორც ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის თანაბარი უფლებებისა და სტატუსის მინიჭებას ქალისა და მამაკაცისათვის, რასაც უარყოფითი შედეგები მოჰყვება და გავლენას ახდენს ცხოვრებაზე, ოჯახზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზე და ჯანმრთელობაზე. ამის გამო, გენდერი, ისევე როგორც სექსუალობა, ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების მნიშვნელოვანი ელემენტია. ახალგაზრდებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტრადიციული ან კონსერვატიული გენდერული როლების თეორიას (მაგალითად, ბიჭები უნდა იყვნენ უფრო ძლიერები, ხოლო გოგონები მათ უნდა დაემორჩილონ), როგორც წესი, უფრო ხშირად აქვთ სქესობრივი ჯანმრთელობის პრობლემები. ისინი უფრო იშვიათად იყენებენ კონდომს ან კონტრაცეფციას. მათ უფრო ხშირად აქვთ ძალადობრივი ინტიმური ურთიერთობები. ის პირები, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა აბსოლუსტურად დომინანტ მამაკაცებთან, უფრო ხშირად ინფიცირდებიან აივ-ინფექციით და აწყდებიან არასასურველი ორსულობის პრობლემას. აგრეთვე, მოძალადე ინტიმური პარტნიორის ყოლა ასოცირდება არასასურველი ორსულობების, სქესობრივად გადამდები დაავადებების, აივ-ინფექციის უფრო მაღალ მაჩვენებელთან.

  • გენდერული თანასწორობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ქალს გააჩნია იმის უფლება, რომ იცხოვროს ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე. ქალის ძალაუფლების გაძლიერება ასევე აუცილებელი ინსტრუმენტია განვითარებისა და სიღარიბის შემცირებისათვის. ძლიერ ქალს დიდი წვლილი მიუძღვის მთელი ოჯახებისა და საზოგადოებების სიჯანსაღესა და პროდუქტიულობაში, რაც გაუმჯობესებულ პერსპექტივას ქმნის მომავალი თაობებისათვის. გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა ხაზგასმულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთში, რომელიც წამოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევისა და თითოეული ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესების ჩარჩოს. გენდერული თანასწორობა, ასევე, ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების დანარჩენი მიზნების განხორციელებას.
    ქალებისა და გოგონების დისკრიმინაცია – გენდერული ძალადობა, ეკონომიკური დისკრიმინაცია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უთანასწორობა და საზიანო ტრადიციული პრაქტიკები – ჯერაც რჩება უთანასწორობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად. გარდა ამისა, ქალებისა და გოგონების მხრებს უზარმაზარი გაჭირვება აწვება კონფლიქტებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად.

    მამაკაცსა და ქალს შორის ძალაუფლების უთანასწორობა მრავალი სხვადასხვა ფორმით მჟღავნდება. ქვემოთ მოცემულია ამის რამდენიმე მაგალითი:

    • მსოფლიოში სამუშაო საათების ორი მესამედი ქალების გამომუშავებულია. ისინი აწარმოებენ საკვები პროდუქტის ნახევარს, თუმცა მათი ანაზღაურება მთელი მსოფლიოს შემოსავლის მხოლოდ 10%-ს შეადგენს და ფლობენ მსოფლიო საკუთრების 1%-ზე ნაკლებს (გაერო);
    • მთელ მსოფლიოში, ქალების წილი საპარლამენტო ადგილებზე მხოლოდ 14%-ია, ხოლო მსოფლიო მინისტრთაგან, მხოლოდ 8%-ია ქალი;
    • ოჯახში ძალადობა ქალის სხეულის დაზიანებისა და სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში. გენდერული ძალადობა მეტი ქალის სიკვდილს და შესაძლებლობების შეზღუდულობას იწვევს 15-44 წლის ასაკში, ვიდრე კიბო, მალარია, საგზაო შემთხვევები და ომი.

    გენდერული თანასწორობის მიღწევის აუცილებლობა აღიარებულია სახელმწიფო დონეზე. გენდერული ასპექტები საქართველოში სამართლებრივად აისახება 2006 წლიდან, როდესაც დამტკიცდა საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” და საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. 2010 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მიზნად განისაზღვრა “საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობის უზრუნველყოფა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.” ამ კანონმა ნორმატიული ლექსიკით განმარტა თანასწორი მოპყრობის ტერმინი. გენდერული თანასწორობის კუთხით გარდამტეხია 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის’’ შესახებ და  „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ”ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციააზე ხელმოწერა, რომელსაც მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ტალღა, კანონმდებლობის ჰარმონიზება სტამბულის კონვენციის შესაბამისად.

     

    და მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა?
    “გენდერული თანასწორობის მქონე საზოგადოება”, ეს არის “საზოგადოება, რომელშიც მამაკაცი და ქალი თანასწორი წევრები არიან, გააჩნიათ თანაბარი შესაძლებლობები და თანაბრად შეუძლიათ მონაწილეობა ყველა სახის სოციალურ აქტივობებში, გააჩნიათ თანაბარი პოლიტიკური და კულტურული უპირატესობა და იზიარებენ პასუხისმგებლობას”. ამგვარ საზოგადოებაში, მამაკაცისა და ქალის უფლებები თანაბრად არის დაცული. ქალს, რომელსაც სურს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყოს ჩართული, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების აქტივობაში საკუთარი არჩევანის საფუძველზე, ხოლო მამაკაცს, სურვილისამებრ, შეუძლია შეასრულოს ოჯახური ფუნქციები. გენდერული თანასწორობის მქონე საზოგადოება, ეს ისეთი საზოგადოებაა, რომელსაც მამაკაცი და ქალი ქმნიან, როგორც თანასწორი პარტნიორები.

    გენდერულად თანასწორი საზოგადოების შექმნა დამოკიდებულია ისეთი სოციალური ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც აძლევს ადამიანს საშუალებას თავად აირჩიოს ცხოვრების წესი, მათი სქესისა თუ გენდერის მიუხედავად და არ იყოს შეზღუდული ისეთი ხისტი, სტერეოტიპული გენდერული როლებით, რომლებიც გულისხმობს, რომ ბავშვის აღზრდა და მოვლა მხოლოდ ქალის მოვალეობაა, ხოლო მამაკაცმა უნდა იმუშავოს, გადაიხადოს გადასახადები და ხელი შეუწყოს ერის განვითარებას. ყოველი ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს ჩვენს წარმოდგენაზე გენდერული როლების შესახებ, რათა შევძლოთ ავაშენოთ საზოგადოება, რომელშიც მამაკაცი და ქალი შეძლებენ თანაბრი მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ მოვლენებში, ითანამშრომლონ სამსახურსა და სახლში და იცხოვრონ ამაღელვებელი და სავსე ცხოვრებით.

დატოვეთ კომენტარი