თანატოლთა ზეგავლენა

ნამდვილი სიამოვნება გელის, როდესაც მეგობრების ჯგუფთან ერთად ატარებ დროს, მაგრამ რა უნდა იღონო, თუ არ გინდა იმის გაკეთება, რისკენაც ყველა ამხანაგი გიბიძგებს?

შესანიშნავია, როდესაც მეგობარი კარგი საქციელისკენ გიბიძგებს, როცა საერთო ინტერესები გაქვთ სპორტში, მუსიკაში, როცა გეხმარება, წარმატებას მიაღწიო ამა თუ იმ სფეროში, თუნდაც სიყვარულში… მაგრამ მეგობარმავე შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა, მისი მიბაძვით არ დაუჯეროთ მშობლებს, უხეშად მოეპყროთ ვინმეს, დაამყაროთ სქესობრივი კავშირი, როდესაც ამისთვის მზად არ ხართ ან მიიღოთ ნარკოტიკი.

შენს ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ტრიალებს. მათთან ერთად ატარებ დროს, დადიხართ თავშეყრის ადგილებზე, გყავთ საერთო მეგობრები, მაგრამ ზოგჯერ არ გინდა აკეთო ის, რასაც ისინი აკეთებენ.

როგორ დავძლიოთ?
მეგობრებისგან ხშირად გაიგონებ: `მიდი! მერე რა მოხდა, ჩვენ ხომ ვაკეთებთ ამას!~ მაგრამ ვიდრე შენც იმავეს გააკეთებ, შეჩერდი და დაფიქრდი: ღირს კი?

როგორ უნდა მოიქცე, თუ უარის თქმა გინდა?
პირველ რიგში, თავი წარმოიდგინე თავდაჯერებულ ლიდერად, რომელიც სხვებს კარნახობს, რა აკეთონ. გაიაზრე, რას გრძნობ, როდესაც ფიქრობ სხვების შეურაცხყოფაზე, სექსზე, ალკოჰოლზე, მოპარვაზე, ნარკოტიკებზე. ასეთი საქციელის მტკიცე უარყოფა დამაჯერებელია, თუ ის გულწრფელია. დაფიქრდი: ირგვლივ უამრავი შენი თანატოლია, ვინც ლიდერს ეძებს, რათა აჰყვეს მის მიერ ნათქვამ უარს. შენ შეგიძლია იყო ეს ლიდერი!

თუ პირდაპირ უარის თქმას ვერ ახერხებ, შემდეგი გზა სცადე:

  • თქვი, რომ საქმე გაქვს, მაგალითად: `არ შემიძლია, ხვალ ტესტი მაქვს ჩასაბარებელი, უნდა ვიმეცადინო;
  • თქვი, რომ მშობლებს შეჰპირდი, არასოდეს დალიო ან მოიპარო და პირობა უნდა შეასრულო;
  • მოძებნე მეორე ადამიანი, ვისაც ასევე უარის თქმა სურს. როდესაც გვერდით ვიღაც გყავს, ჯგუფისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბევრად ადვილია;
  • დაფიქრდი, როგორ იგრძნობ, როცა იმას გააკეთებ, რაც არ გსურს. სინანული არცთუ სასიამოვნო გრძნობაა;
  • დაელაპარაკე ადამიანს, ვისაც ენდობი. იქნებ უფროს და-ძმას ან მშობლებს გამოუცდიათ თქვენს ასაკში ასეთი რამ. შესაძლოა, კარგი რჩევა მოგცენ;
  • თუ გადაწყვეტ, უარი უთხრა მეგობრებს, გააკეთე ეს სხვათა შორის. ნუ გაუბრაზდები და ნურც განიკითხავ მათ.

ზოგიერთი თვისება კიდევ უფრო ართულებს წინააღმდეგობას:

  • თვითდაჯერების ნაკლებობა ხელს გიშლის, აზრი მტკიცედ გამოხატო;
  • ზოგჯერ მეგობრებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ცხოვრებაში და მათი აზრიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეჩვენება;
  • ასიამოვნო მეგობრებს, უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე საკუთარი სურვილი;

შედეგი
მაშ, რატომ უნდა დაიცვა მტკიცედ საკუთარი აზრი, თუ ეს ასე ძნელია? მრავალი თანატოლი შენს მიმართ პატივისცემით განიმსჭვალება. რატომ? მათზე შთაბეჭდილებას მოახდენს, რომ დამოუკიდებელი პიროვნება ხარ და არა უბრალოდ ბრბოს ნაწილი. უფრო მეტიც – ამგვარი საქციელი საკუთარი თავის პატივისცემას შეგმატებს. `როდესაც შენს პოზიციას იცავ… თითქოს საკუთარ თავს აძლევ ხმას და მართალი ხარ საკუთარ რწმენასთან, ეს კი ყოველთვის სასიამოვნოა.

და კიდევ ერთი: შენს გარშემო უამრავი ნარკომანი, მწეველი თუ ალკოჰოლის მოყვარული ტრიალებს, მაგრამ თუ სიმართლე გინდა, ყველაზე ჭკვიანები ასეთ ხალხთან მეგობრობას ერიდებიან.

რატომ? – იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რა ზიანის მოტანა შეუძლია ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა თუ თამბაქოს მათი ორგანიზმისთვის. შენც გახდი ერთ-ერთი მათგანი, უთხარი უარი მავნე ჩვევებს. ამით შენ საკუთარ ჯანმრთელობასა და მომავალს უცხადებ თანხმობას!

დატოვეთ კომენტარი