ვაჟების სქესობრივი მომწიფება

რა ასაკში იწყება ვაჟების სქესობრივი მომწიფება?

ვაჟებს სქესობრივი მომწიფება 10-დან 14 წლამდე, უმთავრესად – 11-12 წლის ასაკში (გოგონებზე ერთი წლით გვიან) ეწყებათ. ვაჟის სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნებია სათესლე ჯირკვლების ზრდა, სათესლე პარკის გათხელება და გამუქება. შემდეგ იწყება სასქესო ასოს გადიდება, თმიანობის გაჩენა ჯერ ბოქვენზე, შემდეგ – იღლიებში, სხეულსა და სახეზე.

სქესობრივი მომწიფება ძვლოვანი, კუნთოვანი, რეპროდუქციული და ორგანიზმის სხვა სისტემების ცვლილებებს იწვევს.

ხმის ცვლილება
ხორხის გაფართოებას და კუნთებისა და ხმის იოგების ზრდას თან სდევს ხმის „გატეხვა“. ეს ზრდის პროცესისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა. საბოლოოდ ხმა უფრო     დაბალი და „კაცური“ ხდება.
სველი სიზმრები
სქესობრივი მომწიფების პერიოდში გაღვიძებისას მოზარდმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მისი თეთრეული სველია. „სველი“ სიზმრები ანუ ღამის გამონადენი (პოლუცია) გამოწვეულია ეაკულაციით (სპერმის გამოყოფით), რომელიც ძილის დროს ხდება. არ არის აუცილებელი, ამის მიზეზი სექსუალური სიზმარი იყოს. სველი სიზმრები სქესობრივი მომწიფების პერიოდში ყველა ბიჭს აქვს და ისინი ზრდის პროცესის ნაწილია. გარკვეული ხნის შემდეგ ისინი თვითონვე შეწყდება ისევე სპონტანურად, როგორც დაიწყო.
უნებლიე ერექცია
სპონტანური ერექცია (სასქესო ასოს გადიდება და გამაგრება), რომელიც ასოს შეხებისა და სექსუალური ოცნებების გარეშე ხდება, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ბუნებრივი მოვლენაა. ამგვარმა მოულოდნელმა ერექციამ შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს მოზარდი, განსაკუთრებით – თუ ეს ხალხმრავალ ადგილას, მაგალითად, სკოლაში მოხდა.

უხერხულობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ უფრო ფართო შარვალსა და ისეთ პერანგს ჩაიცვამს მოზარდი, რომელიც უბეს დაუფარავს. დროთა განმავლობაში უნებლიე ერექცია უფრო და უფრო იშვიათად იჩენს თავს.

მკერდის შეშუპება
ხშირად სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვაჟებს მკერდის ჯირკვლები უშუპდებათ. ჩნდება შეგრძნება, თითქოს დვრილის ქვეშ რაღაც გაიბერა და დაიჭიმა. შესაძლოა, გაღიზიანება ან ტკივილიც კი იგრძნონ. რამდენიმე თვეში შეშუპება გაივლის. ამ პროცესს სქესობრივი მომწიფების გინეკომასტია ეწოდება და მას სქესობრივი მომწიფებისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ცვლილებები იწვევს.
კანი
კანი შესაძლოა უფრო ცხიმიანი გახდეს და ოფლიანობამაც იმატოს. ეს იმიტომ, რომ კანის ცხიმისა და საოფლე ჯირკვლები უფრო აქტიურად იწყებენ ფუნქციონირებას. მოზარდმა ტანი ყოველდღე უნდა დაიბანოს, რათა კანი მუდამ სუფთა იყოს. გამოიყენოს დეზოდორი ან ანტიპერსპირანტი.
სქესობრივი მომწიფების განსაზღვრულ ეტაპზე თითქმის ყველა მოზარდს უჩნდება აკნე.
სასქესო თმიანობა
ვაჟებში გოგონებისაგან განსხვავებით, სასქესო თმიანობა იწყება სახეზე, ხშირად მკერდზეც. თმიანობა ჩნდება ბოქვენსა და იღლიებშიც.
აღნაგობა
სქესობრივი მომწიფების დროს მკვეთრად იმატებს ზრდის ტემპი და სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ პიკს აღწევს. ხელები, ფეხები, მტევნები და ტერფები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. ვიდრე დანარჩენი ორგანიზმი ამ პროცესს წამოეწევა, თავი შესაძლოა ჩვეულებრივზე მოუხერხებლად იგრძნოთ.

ბავშობის ასაკში გოგონები და ბიჭები დაახლოებით ერთი სიმაღლისანი არიან. სქესობრივი მომწიფების დაწყებასთან ერთად ეს გარემოება იცვლება. სქესობრივი მომწიფების პერიოდში გოგონები ხშირად სიმაღლით უსწრებენ ბიჭებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვაჟები ეწევიან და, ჩვეულებრივ, უსწრებენ კიდეც. იცვლება სხეულის აღნაგობაც, ვითარდება კუნთოვანი ქსოვილი, ფართოვდება მხრები და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი