აბორტი და მისი შედეგები

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ქალი ყოველთვის სრულყოფილად გამოიყენებს კონტრაცეპტივებს, ყოველ წელიწადს მსოფლიოში მაინც იქნება დაახლოებით 4-5 მილიონი შემთხვევითი ორსულობა. ამდენად, კონტრაცეპტივების გამოყენების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, არასასურველი ორსულობა მაინც იარსებებს და ყოველთვის იქნებიან ქალები, რომლებიც აბორტის მეშვეობით ისურვებენ ორსულობის შეწყვეტას.

სახიფათო აბორტი არის “არასასურველი ორსულობის შეწყვეტის პროცედურა, რომელსაც ახორციელებს საჭირო უნარჩვევების არმქონე ადამიანი, ან ეს ხდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული მინიმალური სამედიცინო სტანდარტებიც კი, ან ორივე ერთად.” (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 1992). წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი აბორტი, ანუ თითქმის ნახევარი იმ აბორტებისა, რომლებიც კეთდება მთელ მსოფლიოში, არ არის უსაფრთხო. მათი 95% კეთდება განვითარებად ქვეყნებში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 1998).

ძირითადი სამედიცინო გართულებები

  • სისხლდენა;
  • ადგილობრივი ან გენერალიზებული ინფექცია;
  • ტრავმები (სასქესო ორგანოების ჭრილობები ან ორგანოების პერფორაცია);

შორეული გართულებები

  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები;
  • უნაყოფობა;
  • მომავალში სპონტანური (თვითნებითი) აბორტების განვითარების რისკი;
  • საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი;
  • ნაადრევი მშობიარობის რისკი.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ სახიფათო აბორტები წარმოადგენს პრობლემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. მსოფლიოში დღეისათვის არსებული მონაცემებით:

  • ყოველწლიურად მოზარდთა აბორტების 2-4.4 მილიონამდე დარეგისტრირებული შემთხვევაა;
  • მათზე მოდის დედათა სიკვდილიანობის 13%;
  • მოზარდები უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილები მიმართავენ სახიფათო აბორტებს;
  • გართულებათა 38-68 % ვითარდება 20 წლამდე ასაკში;
  • მოზარდთა ორსულობების 32-92% არასასურველი, არადროული ან ქორწინებისგარეშე კავშირის შედეგია;
  • ქორწინებაში მყოფი მოზარდების მშობიარობათა 61% არასასურველი/არადროულია.

რატომ არის მოზარდებში სახიფათო აბორტები ხშირი?

  • არ იმყოფებიან ქორწინებაში და არ აქვთ სტაბილური კავშირები;
  • მათთვის პირველი ორსულობაა;
    • აბორტისთვის მიმართავენ ორსულობის გვიან ვადაზე;
    • ორსულობის შეწყვეტისთვის მიმართავენ სახიფათო მეთოდებს (ჯანმრთელობისთვის საშიშ მეთოდებს);
    • დახმარებისათვის მიმართავენ არაპროფესიონალებს;
    • გართულებებისას დაგვიანებით მიმართავენ დახმარებისთვის;
    • ექიმთან შეხვედრაზე მიდიან მარტო ან მეგობართან და არა პარტნიორთან ერთად;
    • იყენებენ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის მკურნალობას;
    • უვითარდებათ სერიოზული გართულებები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ახალგაზრდები მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ გადაწყვეტილების მიღებას სქესობრივი აქტივობის დაწყების შესახებ, ფიქრონ არასასურველი და არადროული ორსულობის თავიდან აცილებაზე კონტრაცეპციის თანამედროვე მაღალეფექტური, უსაფრთხო მეთოდების გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ მხოლოდ უსაფრთხო აბორტს. ექიმთან მიმართვა არ არის მოსარიდებელი – ახალგაზრდობაში გადადგმული დაუფიქრებელი ნაბიჯი შეიძლება ცხოვრების პრობლემად იქცეს (უნაყოფობა, სერიოზული დაავადებები და სხვა)

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მეთოდებია:

  • მედიკამენტური აბორტი: ორსულობის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება ფარმაკოლოგიური საშუალებები. ამ დროს ქალი იღებს სპეციალურ პრეპარატებს. ეს პრეპარატი ორსულობის ჰორმონის ანტაგონისტია, ამ ჰორმონის მოქმედების შეწყვეტა იწვევს ემბრიონის სიკვდილს დამ ის მოწყვეტას. შემდეგ ღებულობს მეორე პრეპარატს, რომელიც იწვევს საშვილოსნოს რიტმულ შეკუმშვას რასაც თან სდევს ემბრიონის გამოძევება საშვილოსნოდან. ეს პროცესი მიმდინარეობს უფრო “ბუნებრივად” (როგორც მენსტრუაცია/ციკლი); აბორტის მედიკამენტური სახე ითვლება უფრო იოლ, დამზოგველ და თანამედროვე მეთოდად.
  • მანუალური ან ელექტრო-ვაკუუმ ასპირაცია (მინი აბორტი – ქირურგიული) ვაკუუმ-ასპირაცია არის ქირურგიული აბორტის მეთოდი, რომლის დროს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ევაკუაცია პლასტიკური ან მეტალის ასპირაციული კანულით ხდება, რომელიც ვაკუუმის წყაროსთან არის დაკავშირებული; არსებობს ვაკუუმ-ასპირაციის ელექტრო და მანუალური მეთოდები: მანუალური ვაკუუმ ასპირაციის დროს ვაკუუმი იქმნება ხელით მოქმედებაში მოყვანილი პლასტიკური ასპირატორით ან შპრიცით, რომლის მოცულობა არის 60 მლ. არსებული ასპირატორები გათვლილია სხვადასხვა ზომის (4-12 მმ დიამეტრის) კანულის გამოყენებაზე; პროცედურისთვის კანულას სწორად შესარჩევად საჭიროა გესტაციური ვადის და საშვილოსნოს ყელის დილატაციის ხარისხის გათვალისწინება. ელექტრო ვაკუუმ-ასპირაციის დროს გამოიყენება ელექტრო ვაკუუმის ტუმბო/ელექტრო შემწოვი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ზომის პლასტიკურ კანულაზე, 12-16 მმ დიამეტრის დიაპაზონით.
  • საშვილოსნოს ღრუს კიურეტაჟი (ქირურგიული) დილატაცია და კიურეტაჟი არის მექანიკური გამაფართოებლების ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლების გამოფხეკის პროცედურა. დილატაცია და ევაკუაცია არის საშვილოსნოს ყელის გაფართოება და ჩასახვის პროდუქტის ევაკუაცია ელექტროვაკუუმ-ასპირაციითა და აბორტცანგის მეშვეობით