კონტრაცეპციული პლასტირი არის მომცრო ზომის, თხელი, კანისფერი ფირფიტა, დაახლოებით 5სმX5სმ. მას იკრავენ კანზე და იგი გამოჰყოფს ორ ჰორმონს – ესტროგენს და პროგესტერონს. ეს ჰორმონები ქალის საკვერცხეების მიერ ბუნებრივად გამოყოფილი და კომბინირებულ აბებში გამოყენებული ჰორმონების ანალოგიურია.
პლასტირი გამოჰყოფს ჰორმონების დღიურ დოზას, რომელიც კანის გავლით ხვდება სისხლში. მისი მოქმედება ისეთივეა, როგორიც კომბინირებული აბებისა. მისი ძირითადი ფუნქციაა, ხელი შეუშალოს საკვერცხეს კვერცხუჯრედის გამომუშავებაში ყოველთვიურად (ოვულაცია). გარდა ამისა, მისი მოქმედების შედეგად:
- სქელდება საშვილოსნოს ყელის ლორწო, რაც ართულებს სპერმის გადაადგილებას საშვილოსნოს ყელში და მის კვერცხუჯრედამდე შეღწევას.
- ათხელებს ენდომეტრიუმს, რის შედეგადაც მას აღარ შეუძლია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღება.
რა უპირატესობები გააჩნია პლასტირს?
- არ საჭიროებს მასზე ყოველდღიურ ზრუნვას – უბრალოდ საჭიროა დამახსოვრება, რომ კვირაში ერთხელ გამოიცვალოს;
- მისი გამოყენება ადვილია და არ უკავშირდება სქესობრივი აქტს;
- აბებისაგან განსხვავებით, ჰორმონები არ იწოვება კუჭში, ასე რომ, გულისრევის ან დიარეის შემთხვევაში, პლასტირს არაფერი უშავდება;
- ისევე, როგორც კომბინირებული აბების შემთხვევაში, იგი არეგულირებს თვიურს და ამცირებს სისხლდენასა და ტკივილს;
- მან შეიძლება შეამსუბუქოს მენსტრუაციისწინა სიმპტომები;
- მან შეიძლება შეამციროს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი;
- მან შეიძლება შეამციროს ფიბროზული წარმონაქმნების, საკვერცხის ცისტებისა და სარძევე ჯირკვლის დაავადებების (კიბოს გარდა) გაჩენის რისკი.
რა ნაკლოვანებები გააჩნია პლასტირს?
- ესთეტიკური (იგი შეიძლება ჩანდეს);
- მან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება;
- იგი არ იცავს სგგი-საგან, ასე რომ, შესაძლოა საჭირო გახდეს კონდომების გამოყენებაც;
- მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის არტერიული წნევის მომატება;
- პლასტირის გამოყენების საწყის პერიოდში, მან შეიძლება გამოიწვიოს დროებითი გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა შეწყდეს. ეს მოვლენები შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილით, გულისრევის შეგრძნებით, მკერდის მგრძნობიარობის გაძლიერებითა და განწყობილების ცვალებადობით;
- მოულოდნელი, არაძლიერი სისხლდენები საშოდან პლასტირის გამოყენებისას ასევე გავრცელებული მოვლენაა პირველი ციკლის განმვალობაში. თუკი სწორად ხდება პლასტირის გამოყენება, ეს სანერვიულო არ არის – არასასურველი ორსულობისაგან დაცვა მაინც ხდება.