ცმვ შედის ჰერპესვირუსების ოჯახში, რომელიც აერთიანებს ჰერპესის მარტივ ვირუსებს და ვირუსებს, რომლებიც იწვევს ჩუტყვავილას (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი) და ინფექციურ მონონუკლეოზს (ებშტეინ-ბარის ვირუსი). ცმვ-ის აღმოჩენა შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის სითხეებში, მათ შორის – შარდში, ნერწყვში, დედის რძეში, სისხლში, ცრემლში, სპერმასა და ვაგინალურ სითხეებში.
ადამიანისგან ადამიანს ცმვ სხეულის სითხეებთან (შარდი, ნერწყვი, დედის რძე, სისხლი, ცრემლი, სპერმა და ვაგინალური სითხეები) ახლო კონტაქტის შედეგად გადაედება.
სიმპტომები
ციტომეგალოვირუსისთვის დამახასიათებელია:
- სისუსტე;
- მაღალი სიცხე;
- ყელის ტკივილი;
- დაღლილობის შეგრძნება;
- ლიმფური ჯირკვლების შეშუპება.
დამახასიათებელი სიმპტომატიკა ხშირად სრულებით არ ვლინდება და დაავადება დიდხანს ფარულად მიმდინარეობს, თანაც ყოველივე ეს შეიძლება სხვა პათოლოგიის სიმპტომებიც იყოს, ასე რომ, ცმვ-ით ინფიცირებულმა უმეტესად არც კი იცის, რომ დაავადებულია.
განსაკუთრებით მძიმედ გამოვლინდება ინფიცირებული დედისგან (უმეტესად – ინფიცირების მწვავე ფაზაში) ნაყოფზე გადასული ციტომეგალოვირუსული ინფექცია. ინფიცირებულ ნაყოფს უვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის მანკები. აივ/შიდსით დაავადებულთა სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ციტომეგალოვირუსული ინფექციაა.
დიაგნოსტირება
ციტომეგალოვირუსით ინფიცირების დიაგნოსტირება სპეციფიკური ანტისხეულების (იმუნური სისტემის განსაკუთრებული პროტეინების) გამოსავლენი სისხლის ანალიზის საფუძველზე ან Pჩღ-მეთოდით ორგანიზმის სხვადასხვა სითხეში ვირუსის გამოვლენით ხდება.
მკურნალობა
მეცნიერები მუშაობენ ცმვ-ის ვაქცინაზე და ცდილობენ, თანდაყოლილი ცმვ-ის პროფილაქტიკისთვის რაიმე სხვა გზა იპოვონ. ამჟამად არ არსებობს მკურნალობა ორსულთათვის, რომელიც ნაყოფის ინფიცირების თავიდან აცილებას გახდიდა შესაძლებელს. არსებულ პრეპარატებს, რომლებიც ეფექტურია ცმვ-ის წინააღმდეგ, სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს. ამ პრეპარატებს, როგორც წესი, აივ/შიდსით დაავადებულებში ციტომეგალიის სამკურნალოდ იყენებენ.