გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მისი გამომწვევია გონოკოკი (Neisseria gonorrhoeae). გონორეა მშობიარობის პროცესში ინფიცირებული დედისგან ახალშობილს გადაედება. ინფიცირების შედეგად ბავშვს უზიანდება თვალი და თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, შესაძლოა, საქმე სიბრმავემდეც კი მივიდეს. ინფიცირება რომ არ მოხდეს, სამშობიაროებში ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები.
გონორეით დაავადებული აივ-ინფიცირებული ადამიანი აივ-ის სხვებისთვის გადაცემის თვალსაზრისით კიდევ უფრო საშიშია. გონორეა, ასევე, ზრდის აივ-უარყოფითი პირების აივ-ით ინფიცირების რისკს, თუ ისინი დაუცველ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
სიმპტომები
გონორეის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან 2-10 დღის განმავლობაში მჟღავნდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კლინიკური ნიშნები თავს არ იჩენს ან უმნიშვნელოდ არის გამოხატული.
სიმპტომები მამაკაცებში:- სასქესო ასოდან მოყვითალო ან მონაცრისფრო გამონადენი;
- ტკივილი და წვა შარდვისას;
- ზოგჯერ – სასქესო ორგანოების შეშუპება და ტკივილი.
სიმპტომები ქალებში:
- წვის შეგრძნება შარდვისას;
- ჩირქოვანი გამონადენი საშოდან.
გართულებები
არადიაგნოსტირებულ და არანამკურნალევ შემთხვევებში გონორეამ შეიძლება მრავალ გართულებას დაუდოს სათავე, მაგალითად ქალებში – მენჯის ანთებითი დაავადებებს, რომლებსაც მოსდევს ტკივილი, უშვილობა და/ან საშვილოსნოსგარე ორსულობა, ხოლო მამაკაცებში – სასქესო ორგანოების ანთებით პროცესებსა და ურეთრის (შარდსადენის) შევიწროებას.
გარდა ამისა, განუკურნავმა გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი სიცხე, დააზიანოს სახსრები, გამოიწვიოს ართრიტი და სახსრების შეშუპება.
დიაგნოსტირება
გონორეის დიაგნოზის დასასმელად მხოლოდ კლინიკური მონაცემები საკმარისი არ არის, აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა, რომლისთვისაც ნაცხს იღებენ სასქესო ასოს თავიდან, შარდსადენიდან, საშვილოსნოს ყელიდან ან საშოდან. ნაცხის აღების პროცესი არცთუ სასიამოვნოა. შესაძლებელია შარდის სპეციალური ანალიზის გაკეთებაც. ნაცხის ანალიზის შედეგის გაგება მამაკაცებს, ჩვეულებრივ, დაუყოვნებლივ შეუძლიათ, ხშირად ქალებსაც, თუმცა საშვილოსნოს ყელიდან აღებული მასალის კვლევა უფრო მეტ დროს მოითხოვს. სადაც არ უნდა იყოს ლოკალიზებული ინფექცია, დასკვნითი შედეგის მიღებას მაქსიმუმ სამი დღე სჭირდება.
მკურნალობა
ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე გონორეის მკურნალობა გაჭიანურებული და არცთუ წარმატებული იყო. ანტიბიოტიკების აღმოჩენამ გადატრიალება მოახდინა მრავალი ინფექციური დაავადების, მათ შორის – გონორეის მკურნალობაში. თანამედროვე პრეპარატები ადვილად ამარცხებს გონოკოკს. პრეპარატის მიწოდება უმთავრესად ინექციის სახით ხდება. სრულ განკურნებამდე აუცილებელია თავის შეკავება სქესობრივი კონტაქტისგან, რადგან არსებობს გონორეით ხელახლა ინფიცირების ან პარტნიორის დასნებოვნების რისკი. აუცილებელია, სქესობრივმა პარტნიორმაც ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობის სრული კურსი.