აკნე ვულგარი (გამონაყარი) მოზარდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უფრო ხშირად ვაჟებში იჩენს თავს. იგი დაახლოებით 9 წლის ასაკისთვის იწყება და 17 წლამდე გრძელდება, თუმცა მაგრამ არ არის გამორიცხული უფრო მეტხანს გაგრძელდეს, ან მოწიფულ ასაკშიც გამეორდეს. დაგვეთახმებით, მოზარდისთვის მეტად უსიამოვნოა სახესა და ტანზე არსებული გამონაყარი, რომელმაც მას, შესაძლოა, სარკეში ჩახედვის სურვილიც კი გაუქროს. აკნეს გამო მოზარდს შეიძლება განუვითარდეს დეპრესიაც.
რა იწვევს აკნეს?
აკნე კანში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლების ზომაზე მეტად გააქტიურებაა. ეს ჯირკვლები გამოყოფს თავისებურ ცხიმს, რომელიც კანს ატენიანებს და იცავს. უშუალოდ სქესობრივი მომწიფების დაწყების წინ ორგანიზმი დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომელთაგან ზოგიერთი ცხიმის ჯირკვლებს ასტიმულირებს. შესაბამისად, იწყება ცხიმის ჭარბი გამოყოფა. ჯირკვლის ფორები იხშობა და ჩნდება დახურული (თეთრთავიანი) ფერიმჭამელები. ჯირკვლის გაფართოებისას წარმოიქმნება გახსნილი (შავთავიანი) ფერიმჭამელები, რომლებიც სავსეა მუქი ფერის სუბსტანციით. თუ კანიდან ბაქტერია ფერიმჭამელაში მოხვდა, მის ინფიცირებას გამოიწვევს – ფერიმჭამელა შეშუპდება და გაწითლდება. აკნე შეიძლება იყოს მსუბუქი, ან გამწვავდეს და ნოდულოციტების (კვანძები) განვითარება გამოიწვიოს.
მემკვიდრეობითია თუ არა აკნე?
ითვლება, რომ აკნესადმი მიდრეკილება მემკვიდრეობითია, თუმცა ზუსტი გენეტიკური მოდელი ბოლომდე არ არის შესწავლილი.
მოქმედებს თუ არა აკნეზე კვება ან სტრესი?
დიეტისა და აკნეს შესახებ უამრავი მითი არსებობს, მაგრამ, გამოკვლევამ აჩვენა, რომ ისეთი საკვები, როგორიც არის მაგალითად შოკოლადი, ნაყინი, ცხიმიანი საჭმელი, კიბორჩხალა, კოკა-კოლა და რძე, აკნეს გამწვავებას არ იწვევს. რაც შეეხება ემოციურ სტრესს, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ის მართლაც იქცეს აკნეს გამწვავების მიზეზად, თუმცა ამის ზუსტი ახსნა ჯერ არ არსებობს.
სხეულის რომელ ნაწილზე ჩნდება აკნე?
ვინაიდან აკნე კანის ცხიმის ჯირკვლების პრობლემაა, ის ვრცელდება სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც ეს ჯირკვლები ყველაზე დიდი რაოდენობით არის თავმოყრილი – სახეზე, მკერდსა და მხრებზე.
რამ შეიძლება გამოიწვიოს აკნეს გამწვავება?
აკნე შეიძლება გაამწვავოს კანზე ხშირმა დაწოლამ, ხეხვამ, გამონაყარის შიგთავსის ხელით გამოდევნამ ან მისმა მცდელობამ.
როგორ ვუმკურნალოთ აკნეს?
მკურნალობის ტიპი და კონკრეტული ფორმა (ადგილობრივი მკურნალობა ლოსიონით, გელით, მალამოთი, ორალური საშუალებები) აკნეს სიმწვავეზეა დამოკიდებული. მწვავე შემთხვევებს დერმატოლოგი მკურნალობს, თუმცა ხშირად გოგონებში აკნე ჰორმონული დარღვევებით შეიძლება იყოს განპირობებული, ამდენად, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, სათანადო გამოკვლევების საფუძველზე დიაგნოზის დაზუსტება და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება პრობლემის საბოლოო მოგვარების ერთადერთი საშუალებაა.
განურჩევლად იმისა მწვავეა თუ არა იგი, აკნეს ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ, მით უფრო, თუ ის მოზარდისთვის ემოციური სტრესის წყაროა.
აკნესგან გათავისუფლებისათვის რეკომენდებულია:
- დღეში ორჯერ ფრთხილად პირის დაბანა სპეციალური რბილი საპნით;
- გაოფლიანებისას პირის აუცილებლად დაბანა;
- ისეთი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება თმისა და კანისთვის, რომლებიც არ შეიცავს ცხიმს;
- სრულფასოვანი კვება ჯანსაღი საკვებით – თევზით, ხილით და ბოსტნეულით. დასვენება და სითხით დატვირთვა მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს;
- არ შეიძლება სახის გახეხვა ღრუბლით;
- არ შეიძლება “ფერიმჭამელების“ გამორწყვა – შესაძლოა ნაიარევი დარჩეს;
- მიმართეთ კოსმეტოლოგს, რომელიც გამწმენდ საშუალებას შეგირჩევთ.
- კოსმეტიკური საშუალება აუცილებლად უნდა მოიცილოთ ლოსიონით ან ჩამოიბანოთ.