ბუნებაში ვირუსის 80-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული, თუმცა ადამიანისთვის მხოლოდ 9 მათგანია საშიში. ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV). იგი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა დედამიწაზე – მოსახლეობის 90% ჰერპესის ვირუსით არის ინფიცირებული, თუმცა მათგან მხოლოდ 5%-ს უვლინდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.
ვირუსი გადაედება გამონაყართან და ლორწოვან გარსთან კონტაქტის გზით, ანუ კოცნისა და სქესობრივი კონტაქტის დროს.
ჰერპესი შეიძლება გადაედოს გამონაყარის არარსებობის დროსაც, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი აივ-ინფიცირებულია.
გენიტალური ჰერპესი კიდევ უფრო აძლიერებს აივ-ით ინფიცირების რისკს.
აივ ინფიცირების შემთხვევაში ჰერპესის სიმპტომატიკა უფრო ხშირად, მწვავედ და ხანგრძლივად ვლინდება. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა წყლულის ინფიცირება სხვა ბაქტერიით ან სოკოვანი ინფექციით.
ვირუსი უმეტესად აზიანებს:
- კანს;
- თვალს – კონიუნქტივიტი, კერატიტი;
- სახის ლორწოვან გარსებს;
- სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებს;
- ცენტრალურ ნერვულ სისტემას – ენცეფალიტი, მენინგიტი.
ჰერპესი მჟღავნდება მტკივნეული წყლულებითა და ბუშტუკოვანი გამონაყარით პირის ღრუში, ტუჩებზე, გარეთა სასქესო ორგანოების ან სწორი ნაწლავის (ანუსის) გარშემო.
არსებობს ჰერპესის ორი ძირითადი სახეობა, რომლებიც ორალურ (პირის) და სასქესო ორგანოების ჰერპესულ დაზიანებას იწვევს. I ტიპის ვირუსი უმთავრესად პირის მიდამოს აზიანებს, რაც ტუჩის ნაპირზე (ტუჩისა და სახის კანის საზღვართან) მტკივნეული გამონაყარით ვლინდება. ზოგჯერ ასეთივე გამონაყარი ჩნდება ნესტოზე, ღრძილებზე ან სასაზე. ამ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური ინფექციაც.
გენიტალურ (სასქესო ორგანოების მიდამოს) ჰერპესს I და II ტიპის ვირუსები იწვევს და ვლინდება გენიტალური ან ანალური (სწორი ნაწლავის მიდამოს) წყლულებით, რასაც ზოგ შემთხვევაში თან სდევს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. გამონაყარის განვითარებამდე შეიძლება გაჩნდეს ქავილის ან წვის შეგრძნება. ეს შეგრძნებები იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი მოძრაობს ნერვის გასწვრივ კანის მიმართულებით. კანზე კი ის აჩენს მცირე გამონაყარს, რომელიც მალევე ივსება სითხით, შემდეგ კი ფუფხით იფარება. მის მორჩენას, თუ ადამიანის იმუნური სისტემა ნორმალურ მდგომარეობაშია, ერთი ან ორი კვირა სჭირდება.
დიაგნოსტირება
ჰერპესის დიაგნოსტირებისთვის წყლულიდან აღებულ ნაცხში ვირუსის კულტივირებას ან ფლუორესცენციულ გამოკვლევას მიმართავენ. ანალიზი, რომელიც უშუალოდ ვირუსის გენეტიკურ მასალას ავლენს, ყველაზე ზუსტია. ამ მეთოდს პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდს (პჯრ-მეთოდს) უწოდებენ. ჰერპესის დიაგნოსტირების მიზნით ხშირად იყენებენ ანტისხეულების გამოვლენის მეთოდსაც, რომელიც ინფორმაციულია როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობის სტადიაზე.
კუჭ-ნაწლავსა და სწორ ნაწლავში ჰერპესის არსებობას ბოჭკოვან-ოპტიკური ინსტრუმენტებით ადგენენ.მკურნალობა
ჰერპესის მკურნალობა კომპლექსურია და მხოლოდ დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება. მწვავე ფაზაში ჰერპესის მკურნალობა სპეციალური ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატებით ტარდება, ქრონიკული მიმდინარეობისას კი რეციდივების თავიდან ასაცილებლად, როგორც წესი, იმუნოთერაპიას მიმართავენ.
ჰერპესის გამონაყარის სამკურნალოდ იყენებენ სპეციალურ მალამოებს (აციკლოვირი და სხვა), თუმცა ისინი მაღალი ეფექტურობით არ გამოირჩევა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მარილიანი აბაზანები, ყინული (პირსახოცში გახვეული), ლიდოკაინის გელი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და სხვა სიმპტომების სიმძაფრეს ამცირებს. დაიხსომეთ, თვითნებურად არავითარი სამკურნალო საშუალების მიღება არ შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში ის ექიმმა უნდა დანიშნოს.
მკურნალობის გარეშე დატოვებული ინფექცია უამრავ გართულებას, კერძოდ, იმუნური სისტემის მოშლას და იმუნოდეფიციტს უდებს სათავეს. გარდა ამისა, პროცესის პროგრესირება და იმუნიტეტის დაქვეითება კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების ღრმა დაზინების გარდა ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებასაც იწვევს.