სექსუალობის გამოხატვა

სექსუალობის გამოხატვაზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ:

  • ადამიანს ყოველთვის დაგეგმილი არ აქვს სქესობრივი კავშირის დამყარება. ზოგჯერ ის ისეთ სიტუაიაში აღმოჩნდება, როდესაც სწორედ ეს მიაჩნია სწორად;
  • ახალგაზრდებმა სერიოზულად უნდა გაიაზრონ თავიანთი მოქმედების შედეგები, სანამ სქესობრივ კავშირს დაამყარებენ;
  • სექსუალური აქტივობა მრავალ რისკთან არის დაკავშირებული. სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, სანამ სქესობრივ კავშირზე წავალთ;
  • მასტურბაცია სექსუალობის გამოხატვის კიდევ ერთი და 100%-ით უსაფრთხო გზაა;
  • თუკი ახალგაზრდა წყვილი გადაწყვეტს ჰქონდეს სექსი, ისინი უნდა დაფიქრდნენ კონდომით ან კონტრაცეფციის სხვა საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობაზე, რათა თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, მათ შორის აივ/შიდს-ით დაინფიცირება.

მოზარდობის პერიოდში სექსუალური აქტივობა სარისკოა. უნდა გვხსოვდეს, რომ სქესობრივი კავშირისაგან თავის შეკავება, ან მისი გადავადება ყოველთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ისეთი სექსუალური რისკის, როგორიცაა არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, მათ შორის აივ/შიდს-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, ჰქონდეს სექსი, მას უნდა გაითვალისწინოს შესაძლო შედეგები და მიიღოს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება თავისთვის და თავისი პარტნიორისათვის.

  • ეს არის სექსზე უარის თქმა. ეს მნიშვნელოვანი არჩევანია იმ მოზარდებისათვის, რომლებიც არ არიან მზად სექსუალური კავშირისათვის და ორსულობის, დაინფიცირებისა და ემოციური სირთულეების რისკისათვის. ეს მეთოდი მოუწოდებს თვითდისციპლინისა და ერთმანეთის სურვილების პატივისცემისაკენ. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია.

    იქნებ განსაკუთრებულ ადამიანს ელოდები იმისათვის, რომ დაამყარო სქესობრივი კავშირი; იქნებ უბრალოდ ჯერ არ ხარ ამისათვის მზად; ან იქნებ სექსუალურად აქტიური ხარ, მაგრამ ამ ეტაპზე გსურს სცადო თავშეკავება. რაც არ უნდა იყოს შენი ამგვარი გადაწვეტილების მიზეზი, შენ არ ხარ ერთადერთი. მრავალი მამაკაცი თუ ქალი იკავებს თავს სექსისაგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს სექსზე მთელი ცხოვრების მანძილზე.

  • სექსუალურად აქტიურ ქალებს შეუძლიათ შეამცირონ დაორსულების რისკი, კვერცხუჯრედის მომწიფების ციკლის შესწავლის გზით. შემდეგ ისინი თავს იკავებენ ვაგინალური კონტაქტისაგან ორსულობისათვის სარისკო დღეებში. ამას პერიოდული თავშეკავება ეწოდება. უნდა გვახსოვდეს, რომ პერიოდული თავშეკავება არ დაგვიცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან. პერიოდული თავშეკავება შეიძლება რთული აღმოჩნდეს შემდეგი მიზეზების გამო:

    • ეს მოსახერხებელია იმ ქალებისათვის, რომელთაც მენსტრუაციული ციკლი რეგულარული აქვთ;
    • მოზარდობის ასაკში ხშირად გოგონებს მენსტრუაციური ციკლი ჯერ არ აქვთ დარეგულირებული;
    • პარტნიორმა შეიძლება არ ისურვოს ამ მეთოდით სარგებლობა;
    • ურთიერთობა შეიძლება არ იყოს იმდენად სტაბილური, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მეთოდის ეფექტური გამოყენებისათვის;
    • ამ მეთოდის ეფექტურობა არცთუ ისე მაღალია და დაორსულების შანსი ზოგ შემთხვევაში მაშინაც კი რჩება, როცა ზედმიწევნით ზუსტადაა დაცული წესები.
  • ამ ტიპის თავშეკავება ნიშნავს სექსზე უარის თქმას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს მეთოდი 100%-ით უსაფრთხოა ორსულობისა და სგგი-ს თვალსაზრისით. მას არ გააჩნია სამედიცინო და ჰორმონალური გვერდითი მოვლენები – და ის უფასოა!

    ამგვარი თავშეკავება, განსაკუთრებით 20 წლამდე ასაკში, სასარგებლოა როგორც ქალების, ასევე ვაჟებისთვისაც, რათა მათ თავიდან აიცილონ ყველა მოსალოდნელი რისკები, დაკავშირებული სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებასთან.

    უფრო იოლია სათქმელად, ვიდრე შესასრულებლად?

    რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ადვილი როდი იქნება. შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს თავშეკავება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, შეიძლება აღვმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ამ მეთოდის უარყოფის შესახებ და არ ვიყოთ მომზადებული იმისათვის, რომ დავიცვათ თავი ორსულობისა თუ ინფექციისაგან. ასეთ შემთხვევაში, უნდა გვქონდეს სათადარიგო გეგმა, მაგალითად, ყოველთვის ვიქონიოთ თან კონდომი – ეს ძალზე მნიშვნელოვანი მაშინაც, კი, თუ თავს ვიკავებთ სექსისაგან.

    მაგრამ თუკი გადავწყვიტეთ უარი ვთქვათ სექსზე, ალბათ არ გსურს, რომ ჩვენს ცხოვრებაში დადგეს სასწრაფო გადაწყვეტილების მიღების მომენტი, რაც ხელს შეუშლის ჩვენს გეგმას. მაშინ, უნდა შევეცადოთ თავი ავარიდოთ სექსუალურ სიტუაციებს და უარი ვთქვათ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე, რამაც შეიძლება გაგვიძნელოს თავის შეკავება სექსისაგან. გარდა ამისა, უნდა ვცადოთ დაველაპარაკოთ ამ თემაზე მათ, ვის მხარდაჭერაშიც ეჭვი არ გვეპარება.

    ის, რომ სექსზე უარს ვამბობთ, არ ნიშნავს რომ პაემანზეც არ უნდა წავიდეთ, არ გვქონდეს გრძნობები სხვა ადამიანის მიმართ ან უარვყოთ ურთიერთობები. ჩვენ უბრალოდ უნდა შევატყობინოთ ჩვენს პარტნიორს ჩვენი არჩევანის შესახებ მანამ, სანამ ის შეეცდება დაგვიახლოვდეს. შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ როგორც კი გადავწყვეტთ და გავესაუბრებით პარტნიორს ჩვენი გადაწვეტილების შესახებ, შეგვიძლია თავი სხვა სასიამოვნო რამით შევიქციოთ – ერთად ვუყუროთ კინოს, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, ვიცინოთ, მივირთვათ ნაყინი, ვიცეკვოთ, ვისეირნოთ ველოსიპედით, ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს, გავუზიაროთ ერთმანეთს საიდუმლოებები, ვიაროთ საყიდლებზე, ვისეირნოთ სანაპიროზე, მოვუსმინოთ მუსიკას და ა.შ.
    ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი ურთიერთობა შეიძლება შეიცვალოს და უარი ვთქვათ თავშეკავებაზე. მხოლოდ გვახსოვდედ: თუკი აღარ გვსურს თავშეკავება, ვიფიქროთ თავის დაცვის სხვა მეთოდებზე და მოვიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ინფექცია.

მასტურბაცია

სექსუალური სიამოვნების მიღწევას სასქესო ორგანოს სტიმულირების გზით, მასტურბაცია ეწოდება. მასტურბაცია ეხება როგორც გოგონებს, ისე ბიჭებს. მასტურბაცია ნორმალური და ჯანსაღი მეთოდია. ის არ ითვლება მავნებლად, რამდენადაც ის სექსუალური განვითარების მნიშვნელოვან სტადიას წარმოადგენს. მასტურბაცია საკუთარი სექსუალობის გაგების ძირითადი ნაწილია და გარკვეული თვალსაზრისით გვეხმარება სქესობრივი კავშირის თავიდან აცილებაში, თუკი რაიმე მიზეზით გადავწყვეტთ, თავი შევიკავოთ სექსისაგან.

ისტორიაში ცნობილია ისეთი პერიოდები, როდესაც მასტურბაცია აღიქმებოდა, როგორც რაღაც ცუდი, მავნებელი, რომელიც აავადებდა, აბრმავებდა ან აგიჟებდა ადამიანებს. დღევანდელ დღესაც კი, ჩვენს საზოგადოებაში, მასტურბაცია არ არის ღია სასაუბრო თემა. განსაკუთრებით ცოტას ვსაუბრობთ გოგონების მასტურბაციის შესახებ. შესაძლოა იმიტომ, რომ ქალების სექსუალობა ნაკლებად მისაღები თემაა.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მასტურბაცია არ იწვევს უარყოფით შედეგებს და არის ნორმალური და ჯანსაღი სექსუალური აქტივობა. უკანასკნელი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნებისმიერი ასაკის მამაკაცები და ქალები ანიჭებენ თავიანთ თავს სექსუალურ სიამოვნებას სხვადასხვა გზით. არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მასტურბაციის გამო თავი დამნაშავედ ვიგრძნოთ. ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ საკუთარ გრძნობებს, თუკი დისკომფორტს გვიქმნის ის ფაქტი, რომ საკუთარ სექსუალურ სურვილებს მასტურბაციის გზით ვიკმაყოფილებთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ:

  • მასტურბაცია არ არის ცუდი, ბინძური ან მავნებელი – ის არ დაგვაბრმავებს, არ გაგვაგიჟებს, არ დაგვამახინჯებს, არ შეაჩერებს ზრდას, არ გამოიწვევს უშვილობს და არ შეუშლის ხელს დაორსულებას;
  • მასტურბაციას მიმართავენ როგორც გოგონები, ისე ბიჭები, ეს არის სექსუალური განვითარების ნორმალური და ჯანსაღი ნაწილი;
  • მასტურბაცია ზედმიწევნით პირადული რამ არის და თავი უნდა ავარიდოთ ამის გაკეთებას საზოგადოებრივ ადგილებში;
    პიროვნება აბსოლუტურად ნორმალურია, თუ მიმართავს მასტურბაციას. ნორმალურია, თუ ინტერესდება მასტურბაციით, მაგრამ არ მიმართავს მას. ასევე ნორმალურია, თუკი ერთი წამითაც კი არ ფიქრდება მასტურბაციაზე და არც აკეთებს ამას. ეს ერთ-ერთი ისეთი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში, რის გაკეთებაც და არგაკეთებაც თანაბრად ნორმალურია;
  • მასტურბაციამ სქესობრივი კავშირი შეიძლება უფრო სასიამოვნოც გახადოს, რადგანაც პიროვნებას უკვე ეცოდინება, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ სიამოვნება მიიღოს;
  • მასტურბაცია ხსნის სტრესს და იწვევს ენდორფინის (სიამოვნების ჰორმონი) გამოყოფას ადამიანის სხეულში, რის შედეგადაც ხდება რელაქსაცია;
  • მასტურბაცია, როგორც სხეულის შესწავლა, ნორმალური მოვლენაა 3-დან 6 წლამდე ბავშვებში, მოზარდებში მასტურბაცია უფრო სერიოზულ ფორმას იღებს და სექსუალურად მოტივირებულია;
  • კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცთა 80% და ქალთა 59% უკვე მიმართავდა მასტურბაციას 18 წლის ასაკისათვის;
  • ბევრი ექსპერტი თვლის, რომ მასტურბაცია უფრო ხშირია მოზარდობის პერიოდში, რადგანაც ამ ასაკში ბევრად ძლიერია ჰორმონების ფლუქტუაცია. მასტურბაცია ხსნის ამით გამოწვეულ დაძაბულობას და შეადგენს განვითარების აუცილებელ ნაწილს;
  • მასტურბაციასთან დაკავშირებული ერთადერთი რეალური პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისაა და გამოწვეულია მის მიმართ არაჯანსაღი და მოძველებული დამოკიდებულებით (იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამას აკეთებს, მაგრამ სცხვენია) ან ნორმისაგან გადახრილი პრაქტიკით (მაგალითად, სახალხო მასტურბაცია).