მოზარდობის პერიოდში დაორსულებაზე საუბრისას ვგულისხმობთ 20 წლამდე ასაკის ქალებს. სქესობრივი ურთოერთობის ადრეულ ასაკში დაწყებისა და კონტრაცეფციის გამოუყენებლობის გამო, მოზარდების ქორწინებამდელი ორსულობების ნახევარი სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში ვითარდება, ერთი მეხუთედი კი – პირველივე თვის განმავლობაში.
- სავსებით შესაძლებელია მოზარდს გაურთულებელი ორსულობა ჰქონდეს და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს. თუმცა, აღსანიშნავია რომ, მათი სიკვდილიანობა ორსულობისა და მშობიარობის გართულებებით 15-19 წლის ასაკში 2-ჯერ, ხოლო 15 წლამდე ასაკში 5-ჯერ უფრო ხშირია 20-30 წლის ასაკის ქალებთან შედარებით;
- მოზარდ გოგონებში სიკვდილიანობაზე გაცილებით ხშირია სამშობიარო ტრავმები და ინფიცირება ორგანიზმის უმწიფრობის გამო, რაც შემდგომში მუდმივ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს;
- ძალზე დიდია ნაადრევი მშობიარობის საშიშროება. ამ შემთხვევაში ბავშვი მცირე წონით იბადება. მოზარდი გოგონების მიერ გაჩენილი ბავშვების სიკვდილიანობა 1 წლამდე ასაკში 1,5-ჯერ აღემატება ზრდასრული ქალების ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელს;
- გამოკვლევებმა აჩვენებს, რომ ორსულობისას რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობის შემთხვევაში, გაცილებით დაბალია პრობლემების წარმოშობის შანსი. რისკი გაცილებით მაღალია ორსული მოზარდის არასწორი კვებისა და ცხოვრების წესის პირობებში;
- მოზარდები ხშირად იკვებებიან არასწორად ამხანაგების ზეწოლის, დროის ნაკლებობის, გასუქების შიშის გამო. მოზარდები, რომელთაც ერთზე მეტი პარტნიორი ჰყავთ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (ქლამიდიოზი, გონორეა, ვენერიული კოჟრები, B ჰეპატიტი და აივ-ი) ინფიცირების დიდი რისკის წინაშე არიან.
სიგარეტის მოწევამ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებამ – რაც შეიძლება მოზარდების სოციალური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდეს და ამხანაგების ზეწოლის შედეგი იყოს – შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები ნაყოფისათვის. ორსულ მოზარდებში ასევე გავრცელებულია ანემია, რაც რკინის მზარდი მოთხოვნილების შედეგია.
მოზარდობის პერიოდში ორსულობამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს განათლებასა და სამომავლო გეგმებზე. ორსული მოზარდისათვის ძნელია განათლების დასრულება. ეს იწვევს არასასურველ შედეგებს მომავალში დასაქმებისა და შემოსავლის თვალსარიზით.
მოზარდობის ასაკში ორსულობა და დედობა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საკუთარი თავისა და ბავშვის კარგი მოვლა ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.