უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ძირეული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცვილებების ფონზე, ღირებულებათა მძაფრი გადაფასების პერიოდში, განსაკუთრებით გართულდა ახალგაზრდა თაობების ჰარმონიული განვითარება, მათი მომზადება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მათთვის ფასეულობათა სწორად განსაზღვრა, “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულის” პრინციპის დამკვიდრება და ა.შ. ამასთან ერთად, ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული ტენდენციები ჩამოყალიბდა, რაც დეპოპულაციის საშიშროებას ქმნის. დემოგრაფიული კრიზისის თავიდან აცილება კი შესაძლებელია მხოლოდ მიზანმიმართული, სისტემური მუშაობით მომავალ თაობებთან, სწორედ იმათთან, ვინც ქვეყნის დემოგრაფიულ პოტენციალს ქმნიან. მხოლოდ ჯანმრთელმა, ჰარმონიულად განვითარებულმა მაღალზნეობრივმა პიროვნებებმა შეიძლება შექმნან საფუძველი ქვეყნის განვითარებისათვის.
საქართველოში ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების შედეგებმა (მათ შორის 2002წ.-ს და 2008წ.-ს ჩატარებულმა მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევებმა) ცხადყო, რომ ჩვენს ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე სანდო და ადეკვატური ინფორმაციის წყაროების სერიოზული დეფიციტია. ამავდროულად, ამგვარი ინფორმაცია სჭირდებათ როგორც ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდებს, ასევე მათ მშობლებსა და პედაგოგებს. ეს იმიტომ, რომ სწორედ მშობლები და პედაგოები არიან ის ადამიანები, ვისგანაც უნდა მიიღონ მათ სწორი და დაბალანსებული პასუხები სხვადასხვა ასაკში გაჩენილ კითხვებზე. ეს აუცილებელია პიროვნების ნორმალური და ჰარმონიული განვითარებისათვის. ინფორმაციის ნაკლებობა ან არასწორი ინფორმაცია, უმეტესწილად, დაუცველს ხდის მომავალ თაობას იმ საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე, რაც მათ ზრდისა და პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში ასე ხშირიად ხვდებათ.
სწორედ ამიტომ, ასოციაციამ „ჰერა XXI-მ“ გადაწყვიტა შექმნას საიტი, სადაც დაინტერესებულ პირთათვის განთავსდება მასალები ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც აუცილებელია მომავალი თაობების ჯანსაღი და ჰარმონიული განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ მასალები ორიგინალურია – მათ შემუშავებაში მონაწილეობდნენ პროფესიონალები (ექიმები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და ა.შ.) და ისინი ადაპტირებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით.
საიტიდან სასარგებლო ინფორმაცია შეიძლება მიიღონ მოზარდებმაც, თუმცა, იგი მაინც მშობლებისთვისაა გათვალისწინებული და აწვდის მათ ამომწურავ ინფორმაციას შვილების ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, სასარგებლო რჩევებს სხვადასხვა ასაკში შვილებთან სწორ კომუნიკაციაზე, შესაძლო პრობლემებსა (სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ქცევითი და ა.შ.) და მათი მოგვარების გზებზე.