საშოს დიაფრაგმა და საშოს სარქველი

დიაფრაგმა და საშვილოსნოს ყელის სარქველი კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდებია. დიაფრაგმა თავსდება საშოში და იცავს საშვილოსნოს ყელს (საშვილოსნოში შესასვლელს). ისინი სხვადასხვა ზომისა და ფორმის გვხვდება. დიაფრაგმა ცირკულარული ნახევარსფეროა, რომელიც დამზადებულია თხელი რბილი ლატექსის (რეზინის) ან სილიკონისაგან. მისი რკალი დრეკადია. საშვილოსნოს ყელის სარქველი უფრო მომცრო ზომისაა, თავსდება საშვილოსნოს ყელზე და მზადდება ლატექსის ან სილიკონისაგან. ეფექტურობის გაძლიერებისათვის, დიაფრაგმას და სარქველს იყენებენ სპერმიციდთან ერთად. სპერმიციდი ქიმიკატია, რომელიც კლავს სპერმას. დიაფრაგმა და სარქველი არ უშვებს სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედამდე. ისინი ფარავს საშვილოსნოს ყელს, ხოლო სპერმიციდი კლავს სპერმას. არსებობს საშოს სხვადასხვა ტიპის და ზომის დიაფრაგმები და სარქველები – ექიმი ან მედდა, გასინჯვის შემდეგ, ეხმარება პაციენტს მისთვის ყველაზე მორგებულის განსაზღვრაში.

რა უპირატესობები გააჩნია დიაფრაგმასა და სარქველს?

  • მათი გამოყენება საჭიროა მხოლოდ სქესობრივი აქტის დროს;
  • მათ არ აქვთ რაიმე სერიოზული რისკი ჯანმრთელობისათვის;
  • შესაძლოა კონტრაცეფციის კონტროლი;
  • არსებობს სხვადასხვაგვარი ნაწარმის არჩევანი;
  • მათი მოთავსება საშოში შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტის დაწყებამდე ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში;
  • ისინი გარკვეულწილად იცავენ საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ზოგიერთი სგგი-საგან.

 

რა ნაკლოვანებები გააჩნია დიაფრაგმასა და სარქველს?

  • მათი საშოში მოთავსებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს სქესობრივი აქტის შეწყვეტა;
  • ზოგი ადამიანისათვის სპერმიციდი გარკვეულ დისკომფორტს ქმნის;
  • მისი გამოყენების სწავლას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს;
  • ზოგიერთ ქალს, რომელიც სარგებლობს დიაფრაგმით, შეიძლება ცისტიტთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას. ამ შემთხვევაში ექიმს შეუძლია დახმარება დიაფრაგმის შესაფერისი ზომის შერჩევაში. უფრო მომცრო ზომის ან რბილ-რკალიანი დიაფრაგმის გამოყენებამ შეიძლება შეამსუბუქოს პრობლემა;
  • ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ლატექსისა და სპერმიციდის შემადგენელი ქიმიკატების მიმართ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქალის ან მისი პარტნიორის კანის ან ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.