იმპლანტანტი არის მომცრო ზომის დრეკადი ჩხირი ან ჩხირები, რომელიც თავსდება მკლავზე კანქვეშ. იგი გამოჰყოფს პროგესტერონის ტიპის ნივთიერებას, რომელიც ქალის საკვერცხეებში გამომუშავებული ბუნებრივი პროგესტერონის ანალოგიურია. იმპლანტანტის მოქმედების ვადაა 3-5 წელი (სახეების მიხედვით).
მისი ძირითადი ფუნქციაა, ხელი შეუშალოს საკვერცხეს ყოველთვიურად კვერცხუჯრედის გამომუშავებაში (ოვულაცია). გარდა ამისა, მისი მოქმედების შედეგად:
- სქელდება საშვილოსნოს ყელის ლორწო, რაც ართულებს სპერმის გადაადგილებას საშვილოსნოს ყელში და მის კვერცხუჯრედამდე შეღწევას.
- ათხელებს ენდომეტრიუმს, რის შედეგადაც მას აღარ შეუძლია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღება.
იმპლანტანტის ჩანერგვა შეუძლია მხოლოდ იმ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება.
რა უპირატესობები გააჩნია იმპლანტანტს?
- იგი მოქმედებს სამი-ხუთი წლის განმავლობაში;
- მისი გამოყენება არ უკავშირდება სქესობრივი აქტს;
- მისი გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს;
- ის ხელსაყრელია, თუკი თქვენ არ შეგიძლიათ ესტროგენების (ჰორმონი) მიღება, რომელსაც შეიცავს კომბინირებული აბები;
- თქვენი ნორმალური ოვულაციური ციკლი, ე.ი. შვილოსნობის უნარი აღდგება, იმპლანტანტის ამოღებისთანავე;
- იგი გარკვეულწილად იცავს ქალს მენჯის ანთებითი დაავადებებისაგან;
- იგი ამცირებს საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს;
- მან შეიძლება შეამსუბუქოს სისხლდენა და ტკივილი თვიურის დროს.
რა ნაკლოვანებები გააჩნია იმპლანტანტს?
- მენსტრუაციული ციკლი შეიძლება შეიცვალოს ისეთი ფორმით, რომელიც მიუღებელია თქვენთვის;
- გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიხატოს აკნესა (გამონაყარი) და თავის ტკივილის სახით;
- ზოგიერთ ქალს აღენიშნება მკერდის დაჭიმულობა და მგრძნობიარობის მომატება, შებერილობა, განწყობილებისა და სექსუალური მოთხოვნილების ცვალებადობა, თავის ტკივილი;
- მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული იმ ქალებისათვის, რომლებიც იღებენ ენზიმების მასტიმულირებელ პრეპარატებს;
- მისი ჩადგმა და ამოღება მცირე სამედიცინო პროცედურას საჭიროებს;
- იმპლანტანტი არ იცავს სგგი-საგან, ასე რომ, შესაძლოა საჭირო გახდეს კონდომების გამოყენებაც.