ზემოთ აღნიშნული ნიშნები და სიმპტომები იმის მანიშნებელია, რომ მოზარდი შეიძლება ორსულად იყოს, მაგრამ დანამდვილებით ამის დადგენა მხოლოდ ექიმის მიერ ორსულობის დადასტურებით არის შესაძლებელი. ექიმთან მისვლამდე უნდა მოხდეს ორსულობის ტესტის ჩატარება (იხილეთ ორსულობის ტესტები). ორსულობის ტესტების უმეტესობა სანდოა – მათი სიზუსტე 99%-მდეა. თუმცა, ორსულობის დასადასტურებლად შესაბამის ექიმთან მისვლა აუცილებელია, თანაც, რაც შეიძლება დროულად.
სათანადო კვლიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალს შეუძლია გამოავლინოს ორსულობის დამატებითი ნიშნები და სიმპტომები გასინჯვისა და სხვადასხვა პროცედურების (მაგ. ულტრაბგერითი გამოკვლევა) მეშვეობით. საშვილოსნოს ზომისა და ფორმის შეცვლა, საშვილოსნოს ყელის ცვლილებები, ნაყოფის გულისცემა და მოძრაობა, ამ ნიშნებისა და სიმპტომების ნაწილია. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, აპირებს გოგონა აბორტის გაკეთებას, თუ გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს ორსულობა.
როგორ მუშაობს ორსულობის ტესტები?
ორსულობის ტესტების მეშვეობით ხდება შარდში ან სისხლში იმ ჰორმონის აღმოჩენა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამომუშავდება, თუ ქალი ორსულადაა. ამ ჰორმონს ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინს (ჰჩG), ან ორსულობის ჰორმონს უწოდებენ.
რა განსხვავებაა შარდისა და სისხლის ტესტებს შორის? რომელია უკეთესი?
არსებობს ორსულობის ორი სახის ტესტი – შარდის და სისხლის. ორივე მათგანი გამიზნულია ჰჩG-ს, ანუ ორსულობის ჰორმონის აღმოჩენისათვის. დღესდღეობით, ქალების უმრავლესობა ორსულობის დასადგენად შარდის ტესტებს, ანუ შინაურ ტესტებს (HPთ) ანიჭებს უპირატესობას. ეს ტესტები ძვირი არ ღირს, ადვილი მოსახმარია და მათი გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც. როდესაც საშინაო ტესტირების შედეგი დადებითია, ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ექიმმა შეიძლება დაადასტუროს ტესტის შედეგი სისხლის ტესტის და გასინჯვის საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებები სისხლის ტესტის ორ სახეობას იყენებენ: რაოდენობრივ ან ბეტა ჰჩG ტესტებს. ეს უკანასკენლი განსაზღვრავს ჰჩG-ს ზუსტ რაოდენობას სისხლში, ანუ, ადგენს ჰჩG-ის ძალზე მცირე რაოდენობასაც კი, რაც ტესტის სიზუსტეს განაპირობებს. ჰჩG-ს ხარისხობრივი, სისხლის ტესტი იძლევა მარტივ – დადებით ან უარყოფით პასუხს. სიზუსტის თვალსაზრისით, ეს ტესტი შარდის ტესტის ტოლფასია. სისხლის ტესტს ორსულობის უფრო ადრეულ ეტაპზე შეუძლია ჰჩG-ს აღმოჩენა, ვიდრე შარდის ტესტს. სისხლის ტესტით შესაძლებელია ორსულობის დადგენა ოვულაციიდან 6-8 დღეში. შარდის ტესტით ორსულობის დადგენა ოვულაციიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ არის შესაძლებელი.
რამდენად ზუსტია ორსულობის თვითტესტირება, ანუ შარდის ტესტები?
ორსულობის თვითტესტირება შარდის ტესტების გამოყენებით საკმაოდ ზუსტია. მათი უმეტესობა 97-99% სიზუსტის გარანტიას იძლევა, მაგრამ, რეალური გამოყენებისას ეს მაჩვენებელი შეიძლება ცვალებადი იყოს. თუკი ტესტი არ იქნა სწორად ჩატარებული, მისი შედეგი ნაკლებად სანდო იქნება. ყოველთვის შეამოწმეთ ტესტის შეფუთვა, რათა დარწმუნდეთ, რომ მას არ გაუვიდა ვარგისიანობის ვადა – თუ ტესტი ვადაგასულია, მისი შედეგი არ იქნება ზუსტი. მწარმოებლები, უმეტეს შემთხვევაში, ურჩევენ მომხმარებელს, რამდენიმე დღეში გაიმეორონ ტესტი. პირველი ტესტის გაკეთებისას, შარდში შეიძლება არ იყოს ჰჩG ჰორმონი საკმარისი რაოდენობით იმისათვის, რომ ტესტმა იგი აღმოაჩინოს. ტესტების უმეტესობა ზუსტ შედეგს იძლევა, თუ მისი გაკეთება თვიურის დაწყების დროისათვის ხდება (ოვულაციიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ). უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ არ არის ორსულობა ან ოვულაცია უფრო გვიან მოხდა, ვიდრე ჰგონიათ. პრობლემები ასევე შეიძლება შეიქმნას ისეთი ორსულობის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს შარდში მოხვედრილი ჰჩG-ს რაოდენობაზე. თუ თვითტესტირების შედეგი უარყოფითია, ტესტი რამდენიმე დღეში ან 1 კვირაში უნდა განმეორდეს. თუ შედეგი ისევ უარყოფითია, მაგრამ მაინც არის ეჭვი ორსულობაზე, საჭიროა ექიმისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა.
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ორსულობის თვითტესტირების შედეგს?
წამლების უმეტესობა, მათ შორის კონტრაცეპტივები და ანტიბიოტიკები, არ ახდენს გავლენას შარდის ტესტის შედეგზე. ტესტის მცდარი დადებითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ იმ პრეპარატებმა, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ჰჩG ჰორმონი (როდესაც ტესტის შედეგი დადებითია, მაგრამ პიროვნება დარწმუნებულია, რომ არ არის ორსულად). პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ჰჩG ჰორმონი, გამოიყენება უშვილობის სამკურნალოდ. ალკოჰოლი და ნარკოტიკები არ ახდენს გავლენას შარდის ტესტის შედეგზე, მაგრამ ამ ნივთიერებების გამოყენება არ არის რეკომენდირებული, თუ არის დაორსულების სურვილი.