აივ/შიდსი

ვირუსს, რომელიც ყველა ვირუსზე უკეთ არის შესწავლილი და რომლის წინაშეც თანამედროვე მედიცინა უძლურია, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიდან ყველაზე საშიში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია (აივ). მის შესახებ მხოლოდ გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს გახდა ცნობილი. მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, შიდსის სამშობლო აფრიკაა, ხოლო მისი პირველი მასპინძელი – შიმპანზე. ორგანიზმი მასში აივ-ინფექციის შეღწევის შემდეგ კარგავს თავდაცვისა და ბრძოლის უნარს – იმუნიტეტს. ინფიცირების საწყის ეტაპზე დაავადებას ფაქტობრივად არაფერი ავლენს, ამიტომაც სათანადო კვლევების გარეშე ძნელია განსაზღვრო, არის თუ არა პიროვნება აივ-ით ინფიცირებული.

აივ-ით ინფიცირებულ მრავალ ადამიანს სავსებით ჯანმრთელი შესახედაობა აქვს და შეუძლია, დაავადება სხვებს გადასდოს!

ამჟამად არსებობს სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახანგრძლივებს დროს ინფიცირებიდან დაავადებათა ჩამოყალიბებამდე, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს.

ვირუსის გავრცელება სხვადასხვა გზით შეიძლება: სქესობრივი კონტაქტით, საზიარო შპრიცით ნარკოტიკის ინექციისას, ინფიცირებული სისხლის გადასხმით, შესაძლოა, დედისგან გა დაედოს ნაყოფსა და ბავშვს (ფეხმძიმობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს). სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირების ალბათობა ყველაზე მაღალია (70-80%) სქესობრივი კონტაქტისას.

ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო კონტაქტით აივ არ გადაედება!

  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივი) არის ვირუსი, რომელიც იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსს). მოხვდება თუ არა ადამიანის ორგანიზმში, აივი თავს ესხმის იმუნური (თავდაცვითი) სისტემის უჯრედებს, რომლებიც ინფექციებსა და დაავადებებს ებრძვიან და თანდათანობით ანადგურებს მათ. ამის გამო იმუნური სისტემა სხვა დაავადებების წინაშე უფრო და უფრო უძლური ხდება. დამცავი უჯრედების ნელი განადგურების გამო აივ-ით ინფიცირებულს დაავადების სიმპტომები შესაძლოა წლების განმავლობაში არ გამოაჩნდეს. სავსებით შესაძლებელია, მას ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს, თავსაც სავსებით ჯანმრთელად გრძნობდეს და აზრადაც არ მოსდიოდეს, რომ ინფიცირებულია, თუ არ გაიკეთებს სისხლის ანალიზს აივ-ის ანტისხეულების გამოსავლენად.

    შიდს-ი აივ-ინფიცირების უკანასკნელი სტადიაა. როდესაც იმუნური სისტემა ნებდება ინფექციას, ორგანიზმი სრულიად უსუსური ხდება და დაავადებებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. ხშირად სწორედ ეს დაავადებები იქცევა სიკვდილის მიზეზად. ბანალურმა ფილტვების ანთებამაც კი შეიძლება ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს, როცა მის ორგანიზმში აივ-ია მოკალათებული.

    • ჰეტერო- და ჰომოსექსუალური ვაგინალური, ანალური, ორალური დაუცველი სქესობრივი კონტაქტით;
    • ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით;
    • ნარკოტიკის ან სხვა ნივთიერების ინექციისას აივ-ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული საზიარო შპრიცის მეშვეობით;
    • ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების (მათ შორის – ტატუირების ან ყურის გასახვრეტი ნემსის) მეშვეობით;
    • ინფიცირებული ადამიანის სისხლსა და ორგანიზმის სითხეებთან შემთხვევითი კონტაქტით (მაგალითად, საავადმყოფოს სამუშაო პირობებში);
    • აივ-ინფიცირებული დედისგან შვილს – მუცლადყოფნისას, სამშობიარო გზებში გავლისას ან ძუძუთი კვებისას.

    ახლა კი მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  • როგორც აღვნიშნეთ, შიდსით/აივით ინფიცირების ყველაზე გავრცელებულ გზა დაუცველი სქესობრივი კავშირებია. ეს გასაგებიცაა: სპერმასა და საშოს სეკრეტში ვირუსების კონცენტრაცია ძალიან მაღალია, რადგანაც მიკროტრავმები კანსა და ლორწოვანზე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, საიდანაც ვირუსი სისხლში ხვდება. ვითარება რთულდება, თუ აივ-ინფექციასთან რომელიმე სხვა სგგი-ც (მაგალითად, სიფილისი, გონორეა) დაერთო. ასეთ შემთხვევებში ვირუსის გადაცემის საშიშროება კიდევ უფრო მეტია.

    ლატექსის პრეზერვატივის (კონდომის) გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დასნებოვნებული პარტნიორის სპერმის მოხვედრას. ასევე, იცავს კონდომის გამომყენებელს აივ-ით ინფიცირებისაგან.

  • აივ-ით ინფიცირებულის მიერ სხვა ადამიანის დასნებოვნების კიდევ ერთ და არანაკლებ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს ნარკოტიკების ინექციისას საერთო შპრიცის, ბამბის ან სხვა ისეთი საგნის გამოყენება, რომელიც სისხლთან კონტაქტში იმყოფება.

    ნარკოტიკიანი შპრიცის კანქვეშ ან ვენაში შეყვანისას ნემსში სისხლის გარკვეული ოდენობა ხვდება, რომელიც საერთო გამოყენების შემთხვევაში სხვა ადამიანის ორგანიზმში აღწევს. ამგვარად ვირუსი ერთი დასნებოვნებული ადამიანისგან შეიძლება რამდენიმეს გადაედოს. იგივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს სტეროიდების (მათ ხშირად იყენებენ სპორტსმენები კუნთოვანი მასის გაზრდის მიზნით) საზიარო ნემსის მოხმარებამაც.

    თუ ნარკოტიკის შეყვანისას სხვის მიერ ნახმარ შპრიცს იყენებთ, თუნდაც ათასში ერთხელ, ძალზე დიდია ალბათობა, აივ-ით ან ტრანსმისიული გზით (სისხლის მეშვეობით) გადამდები სხვა, მაგალითად, B ან ჩ ჰეპატიტის არანაკლებ საშიში ვირუსით დაინფიცირდეთ.

    დაიხსომეთ: აივი არ იკურნება! თუ მზად არ ხართ, თავი დაანებოთ ნარკოტიკების მოხმარებას და მის მონობაში ცხოვრებას ამჯობინებთ, ნუ გამოიყენებთ სხვის ნახმარ შპრიცს!

    როგორ მოვიქცეთ, რათა ნემსი აივისა და სისხლის გზით გადამდები სხვა დაავადებებით ინფიცირების თვალსაზრისით უსაფრთხო გავხადოთ?

    ჰეპატიტითა და აივით ინფიცირების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ნარკოტიკებზე უარის თქმა, ან უკიდურეს შემთხვევაში, სხვისი შპრიცის გამოყენებისგან თავის შეკავებაა, მაგრამ თუ პიროვნება მაინც აპირებს, ისარგებლოს სხვის მიერ გამოყენებული შპრიცით, უნდა იცოდეს, როგორ გაასტერილოს იგი გამოყენების წინ. ნემსის სტერილიზაციისას კვდება ყოველგვარი უჯრედი და ვირუსი, რომელიც მასშია მოხვედრილი.

    ნემსისა და შპრიცის სტერილიზაცია შეიძლება საყოფაცხოვრებო მათეთრებლის ან ქლორის მეშვეობით.

    ერთჯერად შპრიცს სტერილიზაცია არ სჭირდება.

  • ხშირად ისმის შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა აივ-ით ინფიცირება ტატუირების ან პირსინგის დროს? ტატუირებისა და პირსინგის კაბინეტში დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ იღებენ სათანადო ზომებს აივ-ის, ჰეპატიტის და სისხლის მეშვეობით გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ინსტრუმენტები, რომლებიც ტატუირებისა თუ პირსინგის დროს კანში უნდა შევიდეს, ერთჯერადია ან გასუფთავებასა და სტერილიზაციას ექვემდებარება. ზოგიერთი ტატუირებას სახლის პირობებში აკეთებს ნემსით, ჭიკარტით, საწერი კალმით, დანითა თუ სხვა ინსტრუმენტით. ეს დაუშვებელია – ინსტრუმენტები შესაძლოა გაწმენდილი ან სტერილიზებული არ იყოს და მათი მეშვეობით აივი ან B ან  C ჰეპატიტი გადაგედოთ.

    თუ ვინმეს ტატუს ან პირსინგის გაკეთება სურს, ჯობია შეარჩიოს კარგი რეპუტაციის მქონე სალონი, კარგად გამოკითხოს სტერილიზაციის შესახებ, დარწმუნდეს, რომ ყველაფერი მართლაც სუფთად და უსაფრთხოდ კეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ გაიკეთოს სვირინგი.

  • თუ ვარჯიშის (ან შეჯიბრის) დროს ვინმე დაშავდა და სისხლდენა დაეწყო, ვარჯიში (შეჯიბრი) უნდა შეწყდეს, ვიდრე დაშავებულ სპორტსმენს მოედნიდან არ გაიყვანენ. ორგანიზებული სპორტული თამაშების დროს სპორტსმენს უფლება არ აქვს განაახლოს თამაში, ვიდრე სისხლდენა არ შეუჩერდება და ექიმი იარას საგულდაგულოდ არ დაუმუშავებს. თუ მოედნის (მაგალითად, კალათბურთის, ჩოგბურთის) ან საჭიდაო ხალიჩის ზედაპირზე სისხლი დარჩა, გუნდის მწვრთნელმა ლატექსის ხელთათმანები უნდა ჩაიცვას და იგი სპეციალური სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდოს. თუ მოთამაშეს სისხლით დაესვარა უნიფორმა, მოედანზე დაბრუნებამდე უნდა გამოიცვალოს.

    არავინ იცის, ვინ არის ინფიცირებული აივ-ით და ვინ – არა, ამიტომ უსაფრთხოების ამ პრინციპების დაცვა აუცილებელია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ კონტაქტი დაშავებულის სისხლთან. დღეისთვის აივ-ით ამ გზით ინფიცირების შემთხვევა აღრიცხული არ არის.

  • ორსულობისას და ძუძუთი კვებისას დედისგან შვილის ინფიცირების ალბათობა 5-10%-ია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად 700000 აივ-ინფიცირებული ბავშვი იბადება, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში დასნებოვნდნენ.

    ფეხმძიმობისას ინფიცირების თავიდან აცილება სპეციალური აბების მეშვეობით არის შესაძლებელი. ინფიცირებულმა დედამ ბავშვს ძუძუ არ უნდა აწოვოს – ინფიცირება ამ დროსაც შესაძლებელია.

    როდესაც ქალი ორსულობის ტესტის ჩასატარებლად ექიმთან ან კლინიკაში მიდის, მას სთავაზობენ სისხლის ანალიზს აივ-ზე. თუ მომავალმა დედამ იცის, რომ ინფიცირებულია, მას შეუძლია გააკეთოს სწორი არჩევანი, ჩაიტაროს მკურნალობა და უზრუნველყოს ბავშვის ჯანმრთელობა.

  • საავადმყოფოსა და სასწრაფო დახმარების მუშაკები, ლაბორატორიის თანამშრომლები და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც შეხება აქვთ სისხლთან ან სხეულის სხვა სითხეებთან, შემთხვევითი ინფიცირების საშიშროების წინაშე დგანან.

    სტომატოლოგს მუშაობისას ლატექსის ხელთათმანები უნდა ეცვას და დამცავი სათვალე ეკეთოს, რათა ისიც და მისი პაციენტიც ინფიცირებისაგან დაზღვეულნი იყვნენ.

    არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც უნდა დაიცვან ჯანმრთელობის სფეროს მუშაკებმა, რათა თავი აარიდონ როგორც საკუთარ, ასევე პაციენტების შემთხვევით ინფიცირებას. ამ წესებს სიფრთხილის უნვერსალურ წესებს უწოდებენ:

    • ხელთათმანების ხმარება;
    • სისხლით დასვრილი ზედაპირის გაწმენდა მათეთრებლისა და წყლის ხსნარით;
    • ნემსების ერთჯერადი გამოყენება;
    • ნემსების გადაყრა სპეციალურ კონტეინერში;
    • დამცავი სათვალის ხმარება;
    • აღჭურვილობის სტერილიზაცია.
  • 1997 წლამდე დონორის სისხლის შესამოწმებელი სანდო ანალიზი არ არსებობდა. 1997 წლიდან დონორის სისხლი მოწმდება და საეჭვო სისხლი ნადგურდება, ასე რომ, სისხლის გადასხმა სახიფათო აღარ არის.

    ხშირად ეშინიათ, სისხლის გადასხმის შედეგად არ დაინფიცირდნენ, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ამის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან სისხლის ასაღებად გამოიყენება ერთჯერადი სტერილური შპრიცები, რომლებიც შემდეგ ნადგურდება, ხოლო თავად სისხლი, რომელიც გადაისხმება, გამოყენებამდე უსათუოდ მოწმდება ინფექციებზე, მათ შორის – აივ/შიდსზე. გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, როდესაც სასიცოცხლო ჩვენებით სისხლი სასწრაფოდ უნდა გადაისხას და შემოწმება შესაძლოა ვერ მოესწროს.

  • შიდს-ის ვირუსით ინფიცირება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი საზოგადოებისგან უნდა გაირიყოს, მას უნდა ვერიდოთ, როგორც კეთროვანს და ხელის ჩამორთმევისაც კი შეგვეშინდეს.

    დაიხსომეთ – აივ-ი იშიფრება როგორც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გადაეცემა ინფიცირებულის სხეულის სითხეებისა და დედის რძის მეშვეობით. ანუ იგი არ გადაეცემა:

    კოცნით: მშრალი ან უბრალო კოცნა ტუჩებზე, როდესაც პირი მოკუმული გაქვთ, არ არის საშიში. ხოლო ღია პირით კოცნა (სველი კოცნა, ფრანგული კოცნა) სარისკოა, რადგანაც პირის ღრუში არსებული მიკროტრავმების გამო შესაძლოა ადამიანი დასნებოვნდეს;

    მწერის ან შინაური ცხოველის ნაკბენით: მწერები და ცხოველები კბენისას ადამიანის ორგანიზმში ნერწყვს უშვებენ და არა სისხლს;

    საერთო თეფშიდან ჭამის დროს ან სხვისი ნაპირალი ჭიქის გამოყენებისას;

    ხელის ჩამორთმევით;

    პირადი ჰიგიენის ნივთების (მაგალითად, პირსახოცის, ჭურჭლის) და ტანსაცმლის მეშვეობით;

    აუზზე, აბანოსა და საუნაში. ასეთ ადგილებში ინფიცირება არ გემუქრებათ, თუ სისხლის სისხლთან კონტაქტი არ მოხდა;

    აივი არ ვრცელდება ჰაერისა და საკვების მეშვეობით!

    ასე რომ, თამამად შეგიძლიათ მოეხვიოთ, აკოცოთ და შეეხოთ აივ ინფიცირებულს. ასევე არ არის საშიში საერთო ტუალეტით და ტელეფონით სარგებლობა. აივი ამ გზით არ გადაედება. ის ძალზე ფაქიზი ვირუსია, რომელიც სხეულის გარეთ დიდხანს ვერ ცოცხლობს.

  • სპეციფიკური სიმპტომები გარეგნულად შესაძლოა არ გამოვლინდეს, მაგრამ ადამიანი შიდს-ის ვირუსით იყოს ინფიცირებული. ერთადერთი უტყუარი მეთოდი სისხლის სპეციალური ანალიზია. არსებობს მეთოდები, რომლებიც სისხლსა და ნერწყვში ანტისხეულების აღმოსაჩენად გამოიყენება.

    დღეისთვის აივ-ით ინფიცირების დასადგენად ყველაზე ხშირად მიმართავენ აივ-ის ანტისხეულების გამოვლენის იმუნოფერმენტულ მეთოდს (სკრინინგულ, პირველად, გამცხრილავ მეთოდს). დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში კვლევა დამადასტურებელი მეთოდების გამოყენებით გრძელდება.

    სისხლის სპეციალური ანალიზის გაკეთება შესაძლებელია შიდს-ის ეროვნულ ცენტრში.

  • მაქსიმალურად ზუსტი შედეგის მისაღებად უნდა გაკეთდეს ანალიზი ინფიცირების რისკის მომენტიდან (დაუცველი სქესობრივი კონტაქტის, შპრიცის გაზიარების ან სხეულში სხვა ადამიანის სისხლისა თუ ორგანიზმის სხვა სითხის მოხვედრიდან) ექვსი თვის შემდეგ.

    რატომ ექვსი თვე?

    ერთი შეხედვით, ეს დიდი დროა, მაგრამ ანტისხეულები ანუ იმუნური სისტემის განსაკუთრებული უჯრედები, რომლებიც აივ-ინფიცირებაზე მიუთითებს, უმეტესად სწორედ ინფიცირების მომენტიდან ექვსი თვის განმავლობაში ყალიბდება, ხოლო სისხლის სპეციალური ანალიზი იმისთვის კეთდება, რომ გამომჟღავნდეს ორგანიზმში ამგვარი უჯრედების არსებობა.

    ზოგ შემთხვევაში ანტისხეულები უფრო ადრეც წარმოიქმნება, მაგრამ მეტი სიზუსტისთვის უმჯობესია ექვსი თვე დაცადა და ანალიზი შემდეგ გაკეთება. ამ ხნის განმავლობაში აუცილებლია ლატექსის პრეზერვატივებით სარგებლობა ყოველი სქესობრივი აქტის დასაწყისიდან ბოლომდე, ხოლო ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში არ შეიძლება ნახმარი შპრიცის გაზიარება. გახსოვდეთ: ერთი ანალიზის უარყოფითი პასუხი იმას არ ნიშნავს, რომ პიროვნება ყოველთვის დაზღვეული იქნება ინფიცირებისგან. ის მხოლოდ გამოკვლევის მომენტში ინფიცირებას უარყოფს.

    სადღეისოდ ყველაზე ზუსტი და მაღალმგრძნობიარე მეთოდია ვირუსის გენომის (რნმ, დნმ) გამოვლენა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდით. Eეს მეთოდი ინფიცირებას ავლენს ადრეულ სტადიებზე, ანტისხეულების ჩამოყალიბებამდე, როცა ვირუსის კონცენტრაცია გამოსაკვლევ მასალაში უკიდურესად მცირეა (1 ვირუსი 100 000 უჯრედზე). ასე რომ, ეჭვის შემთხვევაში, ჯობია სპეციალიზებულ დაწესებულებისთვის მიმართვა ადრეული დიაგნოსტიკის  ჩასატარებლად.

  • სასოწარკვეთილება, შიში, დაბნეულობა – ბუნებრივია, ეს ყველაფერი თან ახლავს დადებით პასუხს – პასუხს, როდესაც ადამიანი იგებს, რომ აივ-ინფიცირებულია.

    დღეს მრავალი ეფექტური პრეპარატი არსებობს, რომლებიც ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება და სიცოცხლეს უხანგრძლივებს. სამწუხაროდ, აივით ინფიცირებისგან თავდასაცავი ვაქცინა არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მკურნალობა გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე 15 წლის წინ, საბოლოო ჯამში შიდსი მაინც სასიკვდილო დაავადებაა. ერთადერთი, რაც თანამედროვე მედიცინას ძალუძს, ინფიცირების შემდეგ მკურნალობის ფონზე სიცოცხლის გახანგრძლივებაა.

  • იმისთვის, რომ ვერაგი ვირუსისაგან თავი დაიცვათ:

    • უნდა ვერიდოთ შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს;
    • არ მივიღოთ ნარკოტიკები;
    • არ ვისარგებლოთ სხვის მიერ ნახმარი შპრიცით, ჯაგრისით, სამართებლით;
    • სტომატოლოგთან ვიზიტის დროს დავრწმუნდეთ, რომ ხელსაწყოები კარგად არის გასტერილებული;
    • ვიყოლიოთ მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი;
    • ნებისმიერ სიტუაციაში ვერიდოთ სხვა ადამიანის სისხლთან კონტაქტს.

    სექსუალურად აქტიურმა ადამიანებმა უნდა ისარგებლონ ლატექსის პრეზერვატივით ყოველი სქესობრივი აქტის დროს და გამოიყენეონ ისინი სწორად აქტის დასაწყისიდან დასრულებამდე. გვახსოვდეს, რომ აივი სხეულის სითხეებისა და სისხლის მეშვეობით გადადის, ხოლო დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს დიდია ალბათობა, ეს სითხეები ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს. კონტრაცეფციის სხვა საშუალებები, მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ან იზოლირებულად გამოყენებული სპერმიციდი, აივ-ისგან არ იცავს. ლატექსის პრეზერვატივის მთლიანობა შეიძლება დაირღვეს, თუ მას არასწორად გამოიყენებენ. მისი მთლიანობის დარღვევა ასევე შესაძლებელია ზეთოვანი ლოსიონის ან ვაზელინის საცხად გამოყენებისას.

    უნდა ვერიდოთ სქესობრივ კავშირებს ადრეულ ასაკში და ვეცადოთ, არ ვიქონიოთ სქესობრივი კონტაქტი ოჯახის შექმნამდე.

    ინფიცირების საშიშროება პარტნიორების რიცხვთან ერთად იზრდება. ლატექსის პრეზერვატივის გამოყენება ყველა სქესობრივი აქტის დროს შეამცირებს სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების გადაცემის რისკსაც. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს კანის გაღიზიანებას, ნახეთქებისა და წყლულების წარმოქმნას, რაც სქესობრივი კონტაქტის დროს აივ-ის ორგანიზმში შეღწევას აადვილებს. ლატექსის პრეზერვატივი ხელს უშლის ორგანიზმში პარტნიორის სითხეების მოხვედრას, რაც ინფიცირების რისკს შეამცირებს.

    დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია გაკეთდეს სპეციალური ანალიზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და აივ-ის გამოსავლენად.

  • კონდომის (პრეზერვატივის) გამოყენება ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია ზოგიერთი წესის დაცვა:

    • ის ბნელ და გრილ ადგილას უნდა ინახებოდეს. გამოყენების წინ შემოწმდეს, დაზიანებული ხომ არ არის პაკეტი, რომელშიც პრეზერვატივია მოთავსებული;
    • არ შეიძლება პრეზერვატივის პაკეტის გახსნა მჭრელი და მახვილი საგნით;
    • არ შეიძლება ვადაგასული კონდომის გამოყენება;
    • კონდომის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებაა ნებადართული;
    • არ შეიძლება პრეზერვატივს დიდხანს ტარება ჯიბით და ბალიშის ქვეშ შენახვა – სითბოს ზემოქმედებამ შესაძლოა ლატექსი დააზიანოს;
    • კონდომის ხმარებისას არ შეიძლება საცხად ვაზელინისა და მსგავსი შემადგენლობის ნივთიერებათა გამოყენება – ისინი პრეზერვატივს აზიანებს;
    • უმჯობესია კონდომის გამოყენება სპერმიციდებთან ერთად. მათი ერთდროული ხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს არასასურველი ორსულობისა და ინფიცირების რისკს კონდომის შემთხვევითი დაზიანებისას და ამ მეთოდის ეფექტურობას 95-98%-მდე ზრდის.