ადამიანის უფლებები

ყველა ადამიანს, მისი რასის, წარმოშობის, კანის ფერის, ენის, სოციალური სტატუსის, ოჯახური მდგომარეობის, საკუთრების, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის მიუხედავად, გააჩნია 12 რეპროდუქციული უფლება:

  • ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება. არავისი სიცოცხლე არ უნდა იდგეს რისკქვეშ და არავის სიცოცხლეს არ უნდა ემუქრებოდეს საშიშროება ორსულობის, მშობიარობის, დაუცველი აბორტის ან გენდერული კუთვნილების გამო.

  • ყველა ადამიანს გააჩნია თავისუფლება,  მართოს თავისი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრება სხვათა უფლებების სათანადო პატივისცემით. ყველას აქვს უფლება დაიცვას თავი იძულებითი ორსულობის, აბორტის, ტრეფიკინგისა და სტერილიზაციისაგან.

  • ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებისა და უფლებების თვალსაზრისით. ყველა ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდას, აქვს უფლება, არ იყოს დისკრიმინირებული კანონმდებლობის, დადგენილებების, წეს-ჩვეულებების, ქცევის, სოციალური და კულტურული მოდელების, ტრადიციებისა თუ პრაქტიკის საფუძველზე, რომელიც ემყარება ამა თუ იმ სქესისა თუ გენდერული როლის უპირატესობას.

  • ყველა ადამიანს აქვს საკუთარ პირად  ცხოვრებაში სხვათა ჩაურევლობის და პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება. დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის, მათ შორის მოზარდის, უფლება, მიიღოს სქესობრივი განათლება, ჰქონდეს  წვდომა რეპროდუქციულ ჯანმრთელობის სერვისებზე, მათ მიერ გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის გარანტიით.

  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება თავის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყოველგვარი სინდისის ქენჯნისა და რელიგიური შეზღუდვების გარეშე. თუმცა, ეს უფლებები არ არის გათვალისწინებული საგანგებო ვითარებაში სამედიცინო მომსახურების გაწევისას, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

  • ყველა ადამიანს, ახალგაზრდების ჩათვლით, აქვს უფლება მოიპოვოს სრული ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის უპირატესობის, რისკისა და ეფექტურობის შესახებ, რათა მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება თავისუფალად და გააზრებულად. განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება მოიცავს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც.

  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება ქორწინების, ოჯახის შექმნისა და დაგეგმვის შესახებ. ორივე პარტნიორი დაცული უნდა იყოს გააზრებული თანხმობის გარეშე, იძულებითი ქორწინებისაგან.

  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად და სრული პასუხისმგებლობით გადაწყვიტოს როდის, რამდენი და რა ინტერვალებით გააჩინოს შვილები. ეს გულისხმობს ადამიანის უფლებას, გააჩნდეს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მას შობადობის რეგულირების უსაფრთხო, ეფექტური და მისაღები მეთოდების ფართო არჩევანით.

  • ყველა ადამიანს, მათ შორის მოზარდსაც, აქვს უფლება, ჰქონდეს ხელმისაწვდომი, შეძლებისდაგვარად ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვა. ჩვენ გვაქვს უფლება დაცულები ვიყოთ ჯანმრთელობისთვის საზიანო პრაქტიკისგან.

  • ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია და ისარგებლოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყველა არსებული ტექნოლოგიის უპირატესობით, მათ შორის შობადობის რეგულირებისა და უშვილობის მკურნალობის ახალი მეთოდებით, თუკი ეს ტექნოლოგიები უსაფრთხო და მისაღებია.

  • თავშეყრისა და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება ეხება ისეთი ორგანიზაციის შექმნის ან ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლებასაც, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას.

  • ყველა მამაკაცს, ქალს, ახალგაზრდას და ბავშვს აქვს უფლება არ დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, დასჯას, მათ შორის, სექსუალურ ძალადობას, ექპლუატაციასა და ძალდატანებას.

ადამიანის უფლებები აღიარებულია საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით. საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების სამართლებრივ ბაზისს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა , რომელსაც დაეფუძნა საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების აღიარებისათვის საფუძველს ქმნის მრავალი საერთაშორისო შეთანხმება, საერთაშორისო კონვენციები და ინსტრუმენტები, რომლებიც მოიცავს ისეთი ფუნდამენტური უფლებების დაცვას, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და საქმიანობის უფლება. ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებები აღიარებულია ქვეყნის უზენაეს სამართლებრივ დოკუმენტში – საქართველოს კონსტიტუციაში , რომელსაც ეფუძნება ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზა.

სხეულის მთლიანობის შენარჩუნების უფლებას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირითად პრინციპებში. სექსუალობისა და რეპროდუქციის თვალსაზრისით, ეს უფლებები მოიცავს ორ ძირითად პრინციპს: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებას და სექსუალური და რეპროდუქციული თვითგამორკვევის უფლებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილება ადამიანის უფლებებზე? პასუხი ერთია – იმიტომ რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ადამიანის ძირითადი უფლებებით სარგებლობა. მაგალითად, ყველას აქვს ღირსების დაცვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის მიღების უფლება. ამ უფლებების საშუალებით ადამიანები რეალურად იღებენ გადაწყვეტილებებს, სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების გამოყენება ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთრ თავზე აიღონ სხვათა კეთილდღეობისა და უფლებების დაცვის პასუხისმგებლობაც.

სამწუხაროდ, საქართველოში, ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ჯერ კიდევ ხდებიან არასასურველი სექსის, ძალადობის, არასრულწლოვანთა ქორწინების და საკუთარ სექსუალური ქცევასთან დაკავშირებული სტიგმის მსხვერპლნი. როდესაც ირღვევა ადამიანთა უფლებები, უსაფრთხო და დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ცხოვრების ქონის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება.

ადამიანთა უფლებების ცოდნა ახალგაზრდებს აძლევს იმის განცდას, რომ ისინი სამყაროსათვის მნიშვნელოვანნი არიან.