გენიტალური აპვ ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელსაც ადამიანის პაპილომავირუსი იწვევს. ეს ვირუსების ჯგუფია, რომელიც 100-ზე მეტ სხვადასხვა შტამსა და ტიპს აერთიანებს. ამ ვირუსთაგან 30-ზე მეტი ონკოგენურია. ეს ვირუსები ქალისა და მამაკაცის გენიტალური არეების, მათ შორის – პენისის, საშოს და მისი გარე მიდამოების (ანუსის კანის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის) ინფიცირებას ახდენენ.
აპვ-ის გავრცელების ძირითადი გზა სქესობრივია. აპვ ინფექციას უმეტესად არ გააჩნია სიმპტომები ან ნიშნები. ამდენად, ინფიცირებულთა უმეტესობამ დაავადების შესახებ არ იცის, მაგრამ მათ შეუძლიათ ვირუსი თავიანთ პარტნიორებს გადასდონ.
ზოგჯერ ადამიანის პაპილომავირუსი ისე არსებობს საშოში, რომ არაფრით მჟღავნდება, ზოგჯერ კი წვეტიანი კონდილომებით (წანაზარდებით, გენიტალური მეჭეჭებით) ანდა ნაკლებად შესამჩნევი ბრტყელი კონდილომების სახით ვლინდება. სწორედ აპვ-ია გარეთა სასქესო გზების კიბოსწინარე მდგომარეობათა რისკ-ფაქტორი. რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს, ის შემთხვევათა 100%-ში ამ ვირუსის დამსახურება გახლავთ.
სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან განსხვავებით, აპვ მკურნალობას არ ემორჩილება. მაშ, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს საშიში ინფექცია და მისი მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ?
ინფიცირების პროფილაქტიკა, უწინარეს ყოვლისა, პარტნიორის ერთგულებას და უსაფრთხო სქესობრივ კავშირებს გულისხმობს. ბოლო დროს შემუშავდა ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, არასასურველი შედეგები თავიდან ავიცილოთ.
და მაინც, როგორ დავადგინოთ ინფექციის არსებობა და თუ ინფიცირება გამოვლინდა, როგორ მოვიქცეთ?
კვლევა პაპ (PAP)-ტესტით
მთელ მსოფლიოში და დღეს უკვე საქართველოშიც მიღებულია გამოკვლევა ე.წ. პაპ (PAP)-ტესტის მეშვეობით, რომელიც აპვ-ით გამოწვეულ დაზიანებას ადგენს. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით შესაძლებელია იმის დადგენაც, მაღალი ონკოგენურობა ახასიათებს ვირუსს, საშუალო თუ დაბალი. საშვილოსნოს ყელის დაზიანების ხასიათის, ხარისხისა და პაპილომავირუსის ტიპის გათვალისწინებით ექიმი განსაზღვრავს დინამიკური მეთვალყურეობის ინტენსივობას (ვიზიტების სიხშირეს) და მკურნალობის სახეს – საშვილოსნოს ყელის დაზიანებული უბნის მოყინვას (კრიოდესტრუქციას), მოწვას (დიათერმოკოაგულაციას) ან მოკვეთას (კონიზაციას). საშვილოსნოს ყელის დაზიანებები (მშობიარობის შემდგომი ტრავმა – ჩახევა, დისჰორმონული ეროზია, ჭეშმარიტი ეროზია), ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას აღმავალი გზით და ზრდის ვირუსების, მათ შორის – პაპილომავირუსის, შეღწევადობას და ქსოვილების დაზიანებას.
საშვილოსნოს ყელის დაზიანება ლორწოვანის აღდგენის პროცესში არასწორი შეხორცებისა და კიბოსწინარე მდგომარეობის განვითარების რისკ-ფაქტორია. წელიწადში ერთხელ მაინც პაციენტის გამოკვლევა PAP-ტესტით ექიმს საშუალებას აძლევს, გამოავლინოს საშვილოსნოს ყელის კიბოს ფონური დაავადებები და კიბოსწინარე მდგომარეობები, საშვილოსნოს ყელის დაზიანების ხარისხი და ჩაატაროს შესაბამისი მკურნალობა.
განვითარებულ ქვეყნებში სკრინინგული (გამცხრილავი მეთოდი) პროგრამის მეშვეობით (რაც PAP-ტესტით პაციენტების ყოველწლიურ ციტოლოგიურ გამოკვლევას ითვალისწინებს) საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა, საქართველოში კი ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ჯერ კიდევ მაღალია და სიხშირით ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილზე დგას. სამწუხაროდ, ამის მიზეზი თვით ქალების დაუდევრობაა, რომლებიც ვერ აცნობიერებენ სისტემატური პროფილაქტიკური გამოკვლევისა და კიბოსწინარე მდგომარეობათა დროული მკურნალობის მნიშვნელობას და მხოლოდ შორსწასულ შემთხვევებში (სისხლიანი გამონადენი სქესობრივი აქტის შემდეგ) მიმართავენ ექიმს. ასეთ დროს, მიუხედავად მეტად ძვირად ღირებული კვლევებისა და მძიმე, ხანგრძლივი და მასშტაბური მკურნალობისა (ოპერაციები, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და სხვა), სრული განკურნება იშვიათია. პაციენტი უმეტესად იღუპება.