ლაქტაციური ამენორეის მეთოდი კონტრაცეპციის ბუნებრივ მეთოდებს მიეკუთვნება და მეძუძურ დედეში ორსულობის თავიდან აცილებას გულისხმობს.
ძუძუთი წოვების პერიოდში ბუნება თვითონვე უწყობს ხელს ქალს, დაიცვას გარკვეული ინტერვალი ორსულობათა შორის (არანაკლებ 2 წლისა, რაც აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისათვის). ამდენად, ძუძუთი კვება მხოლოდ ბავშვისთვის კი არა, დედისთვისაც მეტად სასრგებლოა. ძუძუთი მართებული კვებისას პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება.
ლამ –ის უპირატესობები:
- მაღალეფექტურია (98%);
- მოხერხებულია;
- მშობიარობის შემდგომ დაუყოვნებლივ იწყება;
- ხელს არ უშლის სქესობრივ ურთიერთობას;
- არ აქვს გვერდითი მოვლენები;
- სასარგებლოა დედისთვისაც და ბავშვისთვისაც.
ლამ-ის ნაკლოვანებები:
- ვერ მოიხმარენ ის ქალები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ კვებავენ ჩვილს ძუძუთი;
- დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ ლამ-ის კრიტერიუმების დაცვაზე;
- სამედიცინო და სოციალური ფაქტორების გამო შესაძლებელია ძნელი იყოს ძუძუთი კვების შენარჩუნება;
- მეთოდის ხანგრძლივობა შეზღუდულია;
- არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მათ შო¬რის აივ/შიდსისგან).
ამასთანავე, გასათვალისწინებელია:
- ბავშვი უნდა კვებოთ მხოლოდ ძუძუთი ყოველგვარი დანამატის, სითხის და წყლის გარეშე;
- ძუძუთი კვება უნდა ხდებოდეს მოთხოვნილებისდა მიხედვით, დაახლოებით 8-12-ჯერ დღე-ღამეში. კვებათა შორის ინტერვალი 3-4 საათს არ უნდა აღემატებოდეს;
- თუ ძუძუთი კვების პერიოდში მენსტრუაცია აღდგა, არ ხდება ზემოთ მითითებული კვების რეჟიმის დაცვა და შვილი 6 თვეზე მეტი ხნისაა, დაორსულების შესაძლებლობა იზრდება და საჭიროა ოჯახის დაგეგმვის დამატებითი მეთოდის გამოყენება და ძუძუთი კვების გახანგრძლივება ბავშვის ჯანმრთელობისათვის.