პირველ მენსტრუაციას მენარქეს (ბერძ. men – თვე, arche – დასაწყისი) უწოდებენ. ის საშუალოდ 12-13 წლის ასაკში იწყება. მენარქეს მოსვლის ასაკი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. სახელდობრ:
რა არის მენსტრუაცია?
მენსტრუაცია (იგივე თვიური) ქალის სქესობრივი მომწიფების მაუწყებელია და გამოიხატება თვეში ერთხელ საშოდან სისხლიანი გამონადენით. გამონადენი, გარდა სისხლისა, საშვილოსნოდან გამოყოფილ ლორწოვან ქსოვილსაც შეიცავს. თვიური, ჩვეულებრივ, 4-5 დღე გრძელდება, თუმცა 3-7-დღიანი ხანგრძლივობაც ნორმალურად მიიჩნევა. თითოეული მენსტრუაციის განმავლობაში ქალი დაახლოებით 30-60 მლ სისხლს კარგავს. როცა გამონადენს მოჰყვება კოლტები, თავს იჩენს სისუსტე, თავბრუხვევა, სიფერმკრთალე. თუ გამონადენი 7 დღეზე მეტ ხანს გასტანს ან მეტისმეტად ხანმოკლეა, აუცილებლია მივმართოთ ექიმს.
პირველი მენსტრუაციიდან 1,5-2 წლის განმავლობაში გოგონებს თვიური შესაძლოა არარეგულარული ჰქონდეთ. რეგულარულობა შეიძლება დაირღვეს მაშინაც, როცა ქალი მენოპაუზის (კლიმაქსის) ასაკს უახლოვდება.
რა არის მენსტრუაციული ციკლი?
მენსტრუაციული ციკლი რთული და მნიშვნელოვანი ციკლური პროცესია, რომლის დროსაც საკვერცხეების მიერ გამოყოფილი ჰორმონების დონის ცვლილებათა ფონზე საშვილოსნოსშიდა გარსში გარდაქმნები ხდება. თვეში ერთხელ ის ჩამოიფცქვნება და წარმოიქმნება სისხლიანი გამონადენი, რასაც მენსტრუაცია ეწოდება.
აუცილებლად უნდა განვასხვაოთ მენსტრუაციული ციკლისა და მენსტრუაციის ხანგრძლივობა. მენსტრუაციული ციკლი სისხლდენის პირველი დღიდან იწყება და მეორე მენსტრუაციის პირველ დღემდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და 21-დან 35 დღემდე მერყეობს. მენსტრუაციის ხანგრძლივობა კი სისხლიანი გამონადენის დღეებს გულისხმობს.
ძლიერმა სტრესმა, გადაღლამ ან სხვაგვარმა დაძაბულობამ შესაძლოა მენსტრუაციის შეკავება გამოიწვიოს. თუ ასეთი დარღვევა სისტემატური არ არის, ნუ შეშფოთდებით – სტრესი გაივლის და ციკლიც მოწესრიგდება, მაგრამ თუ ამგვარი რამ ხშირია და მენსტრუაციათა შორის პერიოდი რამდენიმე თვემდე ხანგრძლივდება ან 21 დღეზე ნაკლები ხდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მენსტრუაციულ ციკლში რამდენიმე ორგანო მონაწილეობს: თავის ტვინი, თავის ტვინის დანამატი – ჰიპოფიზი, საკვერცხეები, საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს მილები და საშო.
ორგანიზმში არსებული სპეციალური ჯირკვლები გაიმომუშავებს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ჰორმონები ეწოდება. მენსტრუაციული ციკლის რეგულაცია სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდება. სახელდობრ, მასში მონაწილეობს ესტროგენი და პროგესტერონი, რომლებიც საკვერცხეებში წარმოიქმნება, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (ფმჰ) და მალუთეინიზებელი ჰორმონი (მჰ), რომლებსაც ჰიპოფიზი წარმოქმნის.
რა ხდება მენსტრუაციული ციკლის დროს?
მენსტრუაციული ციკლის პირველ ნახევარში ფმჰ-ის დონის მომატების ფონზე ესტროგენის გამომუშავება ძლიერდება, რაც იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის – ენდომეტრიუმის გასქელებას. ფმჰ-ის დონის ზრდის საპასუხოდ ერთ-ერთ საკვერცხეში კვერცხუჯრედი იწყებს მომწიფებას. ტიპური 28 დღიანი ციკლის დაახლოებით მე-14 დღეს, მალუთეინიზებელი ჰორმონის დონის მკვეთრი ზრდის ფონზე, კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოთავისუფლდება. ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება.
გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი მენსტრუაციული ციკლის მეორე ნახევარში საშვილოსნოს მილში გადადის, იქიდან კი საშვილოსნოში ხვდება. ამ პერიოდში პროგესტერონის დონე იზრდება და ენდომეტრიუმს ორსულობისთვის ამზადებს. თუ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი სწორედ ამ დროს შეხვდა ერთმანეთს, ხდება განაყოფიერება და უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელზე მაგრდება. ქალი ორსულდება.
თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ის ან იშლება, ან ორგანიზმშივე შეიწოვება. ასეთ შემთხევაში ესტროგენისა და პროგესტერონის დონე მცირდება, ენდომეტრიუმის გასქელებული ფენა ჩამოიშლება და ორგანიზმიდან გამოიდევნება – იწყება მენსტრუაცია.
რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს ქალი მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებით?
ამენორეა – მენსტრუაციული ციკლის არარსებობა. ამენორეაზე საუბრობენ, როდესაც გოგონას 16 წლის ან უფრო მეტი ასაკისათვის ჯერ კიდევ არ დაწყებია მენსტრუაცია ან ქალს, რომელსაც მანამდე რეგულარული ციკლი ჰქონდა, მენსტრუაცია 6 თვეზე მეტი ხნით უწყდება.
16 წლამდე, მენოპაუზის (კლიმაქსის), ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდებში ამენორეა ფიზიოლოგიურად ითვლება, ხოლო თუ მენსტრუაციის შეფერხება წონის სწრაფი კლების, ავადმყოფობის, კვების დარღვევის, გადაჭარბებული ვარჯიშის, სტრესის ან ჰორმონული პრობლემების (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის) ფონზე განვითარდა – პათოლოგიურად.
ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაციული სისხლდენა (მენორაგია) – ვაგინალური სისხლდენაა, რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავდება. ამ დროს სისხლდენა მეტისმეტად ძლიერია, ხოლო თვიურებს შორის ინტერვალი – ხანმოკლე. შესაძლოა, ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციათა შორის პერიოდებშიც აღინიშნოს, მას მეტრორაგიას უწოდებენ.
მოზარდებსა და მენოპაუზის ასაკს მიახლოებულ ქალებში ჰორმონული თავისებურებები ხშირად იწვევს ციკლის მოშლას და სისხლდენას საშვილოსნოდან. ამ მდგომარეობას საშვილოსნოსმიერ დისფუნქციურ სისხლდენას უწოდებენ. ასეთი სისხლდენა შეიძლება ჰქონდეთ რეპროდუქციული ასაკის ქალებსაც ჰორმონული დარღვევების ფონზე. უჩვეულოდ ჭარბი და გახანგრძლივებული სისხლდენის მიზეზია საშვილოსნოს ფიბრომიომა და პოლიპებიც.
არანორმალური სისხლდენის მკურნალობა ინდივიდუალურია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უთუოდ ითვალისწინებენ მიზეზს.
არანორმალურად უხვი სისხლდენისას სიცოცხლისთვის საშიში ანემიის (სისხლნაკლებობის) თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა.
დისმენორეა – მტკივნეული თვიური. ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ტკივილს მენსტრუაციის დროს, განსაკუთრებით მის პირველ დღეებში, ზოგი ნორმალურად მიიჩნევს. თუ ის სუსტი, მქაჩავი, ხანმოკლე და არაინტენსიურია, ასაღელვებელი მართლაც არაფერია, მაგრამ თუ ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ღებინებასაც კი იწვევს და მის დასაამებლად ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება ხდება საჭირო, უთუოდ უნდა დადგინდეს მიზეზი, რომლის საფუძველზე დანიშნული მკურნალობაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს _ ყოველთვე აუტანელი ტკივილების გაძლება აღარ მოგიწევთ.
ტკივილი შეიძლება რომელიმე პათოლოგიის არსებობით იყოს გამოწვეული, ამიტომ მიზეზის დადგენა აუცილებელია. ეს კი მხოლოდ ექიმის დახმარებით არის შესაძლებელი.
კიდევ ერთი რამ, რაც ქალებს მენსტრუაციასთან დაკავშირებით აწუხებთ, წინარემენსტრუაციული სინდრომია. ამ სინდრომის დროს მენსტრუაციის დაწყებამდე 2 კვირით ადრე თავს იჩენს:
- მუცლის შებერილობა;
- სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და მტკივნეულობა;
- წყურვილი და შეშუპება;
- ზოგჯერ – გულის რიტმის დარღვევა და ტკივილი გულმკერდის არეში;
- გულისრევა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი;
- უმადობა ან პირიქით, მადის მომატება;
- სხეულის ტემპერატურის აწევა, შემცივნება;
- გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ზოგჯერ – დეპრესიული მდგომარეობა;
- ძილისა და მეხსიერების გაუარესება.
ყოველივე ამას სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების შემცველობის ცვლილებები უდევს საფუძვლად.
როგორ უნდა მოვიქცეთ მენსტრუაციის დროს?
- შეიქმენით სასიამოვნო ატმოსფერო. ერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს.
- რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას. ოღონდ, მეტისმეტად ნუ დაიტვირთებით.
- ერიდეთ მარილიან, ცხარე, მწარე საკვებს, ალკოჰოლს, ყავასა და მაგარ ჩაის, შოკოლადს.
- მიირთვით მეტი ცილის შემცველი სურსათი.
- მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება და ძილი.
- რეკომენდებულია A, B და E ჯგუფის ვიტამინები.
- უარი თქვით თამბაქოზე.
- დილა-საღამოს მიიღეთ კონტრასტული შხაპი.
- თუ უკეთესობა ასეთი რეჟიმის დაცვის შემდეგაც ვერ იგრძენით, მიმართეთ ექიმს.
ასევე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
- მოზარდს მენსტრუაციული ციკლი 16 წლამდე არ დაეწყო;
- მენსტრუაცია მოულოდნელად შეწყდა ან გაიშვიათდა (4-7 მენსტრუაცია წელიწადში);
- მენსტრუაციული გამონადენი ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდა და ჭარბია;
- სისხლდენა გაძლიერდა;
- ინტრავაგინალური (საშოსშიგა) ტამპონის გამოყენების შემდეგ მოზარდი თავს ცუდად გრძნობს;
- სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორისაც აღინიშნება;
- მენსტრუაციის დროს მოზარდს ძლიერი ტკივილი აწუხებს.
ჰიგიენა მენსტრუაციის დროს.
მენსტრუაციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც გულისხმობს:
- ჰიგიენური პაკეტების ხშირ (ყოველ 3 საათში ერთხელ) გამოცვლას;
- დღეში ერთხელ თბილი შხაპის (და არა აბაზანის) მიღებას;
- თბილი წყლით ჩაბანას (სასურველია, საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ).
რატომ არის საჭირო მენსტრუაციის დღეებში ხშირი დაბანა?
- მენსტრუაციული სისხლი ბაქტერიებისთვის საუკეთესო საკვებია;
- ჰაერთან შეხებისას სისხლი სუნიანი ხდება;
- სისხლიანი გამონადენი აღიზიანებს სასქესო ორგანოებს და ბარძაყის შიგნითა ზედაპირს და ტკივილს იწვევს.
მენსტრუაციისას არასასურველია მძიმე ფიზიკური დატვირთვა და გადაცივება. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ ზღვაში ბანაობას და სქესობრივ კავშირს (ამ დროს იზრდება ინფიცირებისა და სისხლდენის რისკი).