უნდა გვახსოვდეს, რომ მშობიარობა ბუნებრივი პროცესია და არა სამედიცინო პროცედურა. იგი ორსულობის უკანასკნელი ფაზაა. მშობიარობა იწყება დედის სხეულში ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რომლებიც ბავშვის მოახლოებული დაბადების მანიშნებელია. ეს ცვლილებებია:
- საშვილოსნოს ყელის გახსნა და გათხელება
- საშვილოსნოს რიტმული სპაზმები, რომლებიც ნელ-ნელა ხშირდება და ძლიერდება მშობიარობის მოახლოვებასთან ერთად.
როდესაც ქალს მშობიარობა ეწყება, იწყება გახანგრძლივებული სამ-ეტაპიანი პროცესი, რომლის განმავლობაშიც ნაყოფი ჩამოდის მენჯის არეში და ემზადება გაჩენისათვის. პირველი მშობიარობა, ჩვეულებრივ, გრძელდება არანაკლებ 12-14 საათისა, შემდგომი მშობიარობები კი უფრო ხანმოკლეა.
მეტწილად, მშობიარობა იწყება ორსულობის 38-ე და 42-ე კვირეებს შორის. არის შემთხვევები, როდესაც მშობიარობა 38-ე კვირამდე იწყება. ამას ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ, რაც პოტენციურად სახიფათოა ნაყოფის ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, ხდება ისეც, რომ ბუნებრივი მშობიარობა იგვიანებს, ან დროულად იწყება, მაგრამ არ არის საკმარისად ინტენსიური, რათა გამოიწვიოს ადექვატური ჭინთვები. ამგვარ შემთხვევებში ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მშობიარობის პროცესის დაჩქარების ან სტიმულირების შესახებ.
მშობიარობის დროს, ქალი გრძნობს ნაყოფს მენჯის არეში ჩამოსვლის გარკვეულ ნიშნებსა და სიმპტომებს. სპაზმები შეიძლება ძალზე მტკივნეული იყოს. არსებობს სხვადასხვა გზა იმისათვის, რომ მშობიარობა უფრო მსუბუქი გახდეს როგორც დედის, ისე ბავშვისათვის. ზოგჯერ ექიმი მშობიარეს მედიკამენტების მეშვეობით უმცირებს ტკივილს. ზოგი ადამიანი არჩევს სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშების გამოყენებას, რათა ორსულმა ქალმა არ მიიღოს წამლები ან მცირე რაოდენობით მიიღოს ისინი.
მშობიარობა ხდება სამ ეტაპად, რომელთაგან მესამე, საბოლოო ეტაპი თვით ბავშვისა და პლაცენტას (მომყოლის) დაბადებაა. გარკვეულ გარემოებებში ჩნდება ქირურგიული ჩარევის, ე.წ. საკეისრო კვეთის აუცილებლობა, რაც ან წინასწარ იგეგმება, ან ამას იწვევს მშობიარობის დროს წამოჭრილი მოულოდნელი გართულებები. ამგვარი გარემოებების მაგალითებია:
- ნაყოფი ძალიან დიდია და უჭირს სამშობიარო გზებში გამოტევა;
- საშვილოსნოს ყელი ნელა ან არასრულად იხსნება;
- ნაყოფი იბრძვის მშობიარობით გამოწვეული სტრესის დასაძლევად;
- ნაყოფის გულისცემა დიდი ხნით ჩერდება ან ნელდება;
- დედის ჯანმრთელობას საშიშროება ემუქრება, ძლიერი სისხლდენის სახით.
საშოსმხრივი (ფიზიოლოგიური) მშობიარობის შემდეგ, ახლადნამშობიარები დედები და მათი შვილები, ჩვეულებრივ, ორ-სამ დღეს სამშობიაროში ატარებენ. საკეისრო კვეთის ან გართულებული მშობიარობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ქალისა და ბავშვის უფრო ხანგრძლივი გაჩერება კლინიკაში. ნორმალურია, თუ ქალი მშობიარობის შემდეგ გარკვეულ დისკომფორტს განიცდის. ეს ხშირად დაკავშირებულია მშობიარობის შემდგომ ტკივილებთან, რომელთა მიზეზი არის გაფართოებული საშვილოსნოს შეკუმშვა და მისი ჩვეულებრივი ფორმის აღდგენა. შეკუმშვები ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეს გრძელდება. პირველი მშობიარობის შემდეგ ეს ნაკლებად შემაწუხებელია, ხოლო შემდგომი მშობიარობების შემდეგ უფრო საგრძნობი და ძლიერია. სამშობიაროში ყოფნისას, ბავშვს უკეთდება პირველი ვაქცინაცია წითურასა (დასაზუსტებელია ჩვენთან რომელი კეთდება) და ჰეპატიტის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ახალგაზრდა დედა სწავლობს, თუ როგორ უნდა აჭამოს ბავშვს, აბანავოს და გამოუცვალოს ტანსაცმელი და საფენები.
ახლადნამშობიარები დედის ორგანიზმში 40 კვირის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები ნელ-ნელა ლაგდება და ორგანიზმი თავის ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ეს ცვლილებებია:
- მუცლის ღრუ – მშობიარობიდან ერთი კვირის განმავლობაში საშვილოსნო იკუმშება და პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ორი კვირის განმავლობაში, საშვილოსნოს წონა იკლებს, ის იწევს ზემოთ და აწვება ჭიპს. მუცლის გაჭიმული კუნთების შეკუმშვას და გამკვრივებას გარკვეული დრო სჭირდება.
- ლოქია (მშობიარობის შემდგომი გამონადენი) – ეს ვაგინალური გამონადენი საშოდან, ჩვეულებრივ, შედგება სისხლისა და ორსულობის შემდეგ დარჩენილი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ნაწილებისაგან. თავიდან გამონადენი ღია წითელი ფერისაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ვარდისფრდება და მცირდება. 10 დღის განმავლობაში, გამონადენი ყვითელი ან თეთრი ხდება. სანამ სისხლდენა მნიშვნელოვანია, ვაგინალური ტამპონების გამოყენება არ არის სასურველი.
- მენსტრუაციული ციკლი – ჩვეულებრივ, მენსტრუაციული ციკლი აღდგება მშობიარობიდან ცხრა კვირის შემდეგ. თავიდან თვიური უფრო ხამნოკლე ან ხანგრძლივია, ვიდრე ორსულობამდე, მაგრამ ის ნელ-ნელა ჩადგება ნორმაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალს ამ დროს არ აქვს თვიური, ის მაინც შეიძლება დაორსულდეს. თუ ქალი ინტენსიურად, გარკვეული წესების დაცვით კვებავს ბავშვს ძუძუთი, მენსტრუაციები არ იწყება და ქალი ამ პერიოდში არ ორსულდება, ამ მეთოდს ბუნებრივ კონტრაცეპციას მიაკუთვნებენ და ლაქტაციური ამენორეის მეთოდს უწოდებენ
სქესობრივი კონტაქტის აღდგენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები განსხვავებულია. ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ქალს შეუძლია აღადგინოს სქესობრივი კონტაქტი მაშინ, როდესაც თვითონ იგრძნობს ამის სურვილს. სხვები ამტკიცებენ, რომ სასურველია, რომ ქალი დაელოდოს ექვსი კვირის შემდგომ სამედიცინო შემოწმებას.
პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან დაკავშირება ან ვიზიტი, განსაკუთრებით თუ ეს პრობლემები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული:
- სიცხე 38 გრადუსის ზევით
- გულისრევა ან პირღებინება
- ტკივილი და წვა შარდვისას და მოშარდვის მოულოდნელი და ძლიერი მოთხოვნილება
- სისხლდენის გაძლიერება
- ფეხების ტკივილი, შეშუპება და გაღიზიანება
- ტკივილი მკერდის არეში და ხველა
- გახურებული და გაღიზიანებული მკერდი
- ტკივილის შეგრძნება საშოსა და სწორი ნაწლავის ხვრელს შორის, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება.